LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 000-ლარიანი ჯარიმა დღეს ნებისმიერი ბიზნესისთვის არის განადგურება – რა ვითარებაა სარესტორნო ბიზნესში

353
FORTUNA.GE (1)

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში რამდენიმე რესტორანი და კაფე-ბარი დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის განყოფილების უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ 26-დან 16 კვების ობიექტი არ შეესაბამებოდა ნორმებს და დაჯარიმდა.

ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია. თითოეულ დაჯარიმებულ ობიექტს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაც. მონაწილეები გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ, ამ ეტაპზე კი სარჩელს ამზადებენ.

თემაზე დაინტერესდა „ბიზნეს კურიერი“ და აღნიშნულ საკითხზე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. თქვენი ინფორმაცით, რამდენად არღვევდნენ ეს კვების ობიექტები წესებს? და იმის ფონზე, რომ ფაქტობრივად მომხმარებელი განახევრებული, შემცირებული გყავთ, ბიზნესი ისედაც კრიზისშია და ამას დამატებული ეს 10 000-ლარიანი ჯარიმები, რამდენად შესაბამისობაშია ერთმანეთთან?

კითხვა არის ზუსტად და სწორად დასმული რამდენად შესაბამისობაში არის ეს ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ერთმანეთთან. დღეისათვის არამარტო სარესტორნო, არამედ ნებისმიერ დარგს პრობლემა აქვს იმისთვის, რომ ოპერირება შეძლოს და იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც დღეს საქართველოს რესტორნები არიან, ყოვლად არაადეკვატურია ის ჯარიმები, რომელიც გამოწერეს მათ მიმართ.
ცოტა შორიდან დავიწყებ. მინდა გითხრათ, რომ ასოციაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ვთანამშრომლობთ იმ რეგულაციებთან დაკავშირებით რა რეგულაციებიც მიიღეს.
მე დაახლოებით, 10-12 ზარი შემომდის ყოველდღიურად რესტორნებიდან. კითხულობენ რეგულაციებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს, როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა შემთხვევაში. ეს ზარები იმიტომ კი არ ხორციელდება, რომ ვიღაცას უბრალოდ დარეკვის სურვილი აქვს, არამედ იმიტომ, რომ დამოკიდებულებაა ძალიან პასუხიმგებლიანი, რომ ვინმეს რამე არ შეეშალოს,  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ისინი გულისყურით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან დამოკიდებულებას, ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობაში ვიყავით რეგულაციების ჩამოყალიბების შემდეგ. ამის შემდეგ მეორე ეტაპზე უნდა გადავსულიყავით, სადაც ადამიანები გარკვეულწილად ისწავლიდნენ ქცევის წესებს, იმიტომ რომ covid 19-თან დამოკიდებულება არ არის რაღაც ძველი თემა, რომელიც ახლიდან უნდა გავიაროთ. ეს ახალი თემაა და ყველასათვის რთულია ამ ყოფით ცხოვრებაში ვირუსთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ამ სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ვიღაცისთვის დაენახებინა, რომ ისიც არსებობს და რომ რაღაცას აკეთებს. ან უბრალოდ დესტრუქციაა სახელმწიფოს წინაშე, რომ ადამიანები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ და მოყვარე, რომელიც კეთილგანწყობილია შენ მიმართ, მტრად გიქციოს.

ვერ ვხვდები რა დამოკიდებულებაა. დარგი ასეთ მდგომარეობაშია და ასეთ დამოკიდებულებას ხატავ, უბრალოდ, ვერ ვხედავ მიზანს. მიზანი არის ის, რომ დააჯარიმო, დასაჯო და გაანადგურო, თუ მიზანი არის ის, რომ გარკვეულწილად საზოგადოებრივ საკითხებზე, საზოგადოებისთვის იყოს, საზოგადოების სამსახურში ჩააყენო ის დარგი, რომელიც დღეისათვის გაჩერებულია და სულს ღაფავს?
დღევანდელ დღეს 10 000 ლარი ნებისმიერი ბიზნესისთვის, რესტორანი იქნება თუ სხვა სფეროში არსებული ბიზნესი, არის უბრალოდ განადგურება. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც გამოასწორებს და მას უკეთეს რელსებზე დააყენებს.

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები იყო უგულებელყოფილი. მიიღეს თუ არა რესტორნებმა მანამდე გაფრთხილება?

რა თქმა უნდა, არა. პირდაპირ გეტყვით, რომ თბილისში არსებობდა 3 ლოკაცია, სადაც გახსნის დღიდან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კიდეც ფოტოები, რომ მომხმარებლების სიმრავლე იყო და უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა. საფუძველი რეალურად არსებობდა, არ უარვყოფ, მაგრამ როდესაც სასწორეზე დავაყენებთ მიყენებულ ზიანს და გამოუვალ მდგომარეობას, რომელი გადაწონის? სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ეს სწორად უზრუნველყოს.

ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან რესტორნები. მე, როგორც რესტორატორმა, უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ თქვენ როგორ მიგიღოთ როგორც სტუმარი, თქვენს უსაფრთხოებასა და სიამოვნებაზე ვიზრუნო თუ იმაზე, რომ დღეს რომ შემოვიდნენ, არ დამაჯარიმონ? ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხში როგორ შეიძლება იმუშაო? რესტორნების 95% დაჯარიმდება ახლა რომ შეამოწმონ, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ნიუანსები, თუ ჩასაფრებული პოზიციიდან იმოქმედებ.

ასეთ ჩასაფრებულ სიტუაციაში თუ იქნება ბიზნესი, რომელიც -16 პროცენტშია გასული, უბრალოდ ვერ განვითარდება და ობსტრუქცია-დესტრუქციაა თუ რაც არის, სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყო ადამიანები და მტრად გადაკიდო. ამას თუ თავის წილ პასუხისმგებლობად იღებს ეს სამსახური, პასუხიც მალე იქნება.

ის რესტორნები, რომელიც დააჯარიმეს, დაიხურა? ამ ეტაპზე რა ვითარებაა?

არ დახურულა, იქედან გამომდინარე, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს და სარჩელი მზადდება.
აქვე გეტყვით, რომ პარასკევს შეამოწმეს ეს რესტორნები. რეალურად რა პრობლემებიც იყო, შაბათ-კვირას უკვე გამოსწორდა. ყველა ზომები მიიღეს და ორშაბათს დააჯარიმეს.

აღარ გადაამოწმეს ორშაბათს?

გადაამოწმეს შაბათ-კვირას და ორშაბათს დაიბარეს და მაინც დააჯარიმეს.
ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა “ფეისბუექზე” და პრემიერის მიერ იყო გამოთქმული სწორი გულისწყრომა, რომ უნდა შემოწმდეს რესტორნები. მახსენდება ფილმი „მონანიება“, სადაც ასე ჩააბარეს დარბაისლები.

საინტერესო იქნება პროგნოზი რა ელის სარესტორნო სექტორს ამ რეგულაციების ფონზე. აშკარაა, რომ მომხმარებელიც თავისთავად იმდენი აღარ გეყოლებათ, რაც მანამდე, რამდენად უღირს ამ ბიზნესს მუშაობის გაგრძელება ამ გამკაცრებული რეგულაციების ფონზე?

რეგულაცია არ არის მკაცრი. დამოკიდებულება თუ არ იქნება სწორი, როგორი რეგულაციაც არ უნდა დაწერო, ყოველთვის შეძლებ შარის მოდებას. ეს არ არის თემა, რომლითაც ვიღაცას ამძიმებ ან არ ამძიმებ. ეს რეგულაციები ეპიდემიოლოგებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იქნა მიღებული.
ჩვენ ხაზს ნუ გავუსვამთ რეგულაციების პრობლემას, დამოკიდებულების პრობლემაა.
მიუთითე და თუ არ გამოასწორებს, მერე დასაჯე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g