LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ნოემბერს რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი იხსნება

284
კომედიის-თეატრალური-ფესტივალი

10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი კომედიის ფესტივალს უმასპინძლებს.

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის დროს, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები  ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 17 დღის განმავლობაში 12 დასი  ეწვევა, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულს სწავლის ერთი წლის საფასური დაუფინანსდება და მისი სპექტაკლი რუსთავის თეატრში დაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი რატი ლაბაძე, რომლის სპექტაკლიც ,,ყველაზე მართალი ადამიანი“ წელს კომედიის თეატრალური ფესტივალის რეპერტუარშია.

ორი დღე დაეთმობა ვორქშოპს, რომელიც თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას შეეხება. მასზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება თეატრალური წრის მოზარდებისთვის.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023  ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და პირველ სპექტაკლს კვლავაც მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, რუსთავს ფესტივალის ფარგლებში – ზუგდიდის, მოზარდ მაყურებელთა, გორის, ილიაუნის, მესხეთის, ბათუმის, თუმანიშვილის კინომსახიობთა, თავისუფალი თეატრის, ქალაქის თეატრის და რუსთაველის თეატრების დასები ესტუმრებიან.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.