LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“10 წლის წინანდელი ტარიფით ოპერირება შეუძლებელია” – გაფიცული მედმუშაკების ფონზე, კლინიკები კრიტიკული/რეანიმაციული მომსახურების ტარიფების გადახედვას ითხოვენ

113
BeFunky-collage (11)

სამედიცინო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ გამოწვევად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები რჩება.

დაბალი ანაზღაურების გამო გაფიცული სამედიცინო მუშაკების ფონზე, კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან ტარიფების გადახედვას მოითხოვენ.

კლინიკების კრიტიკულ გამოწვევასა და სამინისტროსგან მიღებულ დაპირებებზე, მათ შორის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით,  „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მაია მახარაშვილმა ისაუბრა და პრობლემის აქტუალობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, ნებისმიერი კლინიკის ხელმძღვანელი მოწადინებულია, რომ თანამშრომელს ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და  სათანადო სამუშაო პირობები, რადგან მოტივირებული თანამშრომლები ადმინისტრაციის ინტერესში შედის, თუმცა მაია მახარაშვილის თქმით, ანაზღაურება დამოკიდებულია შემოსავლებზე.

„შემოსავლები კომპლექსური პრობლემაა. სახელმწიფოს ერთი მხრივ, ვალდებულება აქვს აღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად მოიცვას მოსახლეობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ ჯანმრთელობას და ხარჯების დაფარვას. მეორე მხრივ, ჩართულია სექტორი, რომელიც გაწევს მომსახურებას. როდესაც სოციალური ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, ვერ ეწევა იმ მოთხოვნას, რაც არსებობს ქვეყანაში.

ერთია, ამ კონკრეტული ბიუჯეტით სახელმწიფომ შეძლოს და დააკმაყოფილოს მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, არის სექტორი, რომელმაც ამ ბიუჯეტის ფარგლებში უნდა გასწიოს მომსახურება. კლინიკებს აქვთ ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რომ მოემსახურებიან პაციენტს, შესაბამისად, თანამშრომლობის ფარგლებში დადგენილია ტარიფები“, – აღნიშნა მან.

 

რაში მდგომარეობს პრობლემა?

 

ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2013 წლის შემდგომ სახელმწიფოს ტარიფისთვის არ გადაუხედავს, რაც პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან 2013 წლის შემდგომ ჰოსპიტალურ სექტორს ხარჯი გაეზარდა, რაც მაია მახარაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად განაპირობა იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და ინფლაციამ.

„2013 წლიდან თუ შევხედავთ სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელს, ინფლაცია, დევალვაცია, ასევე, თუ გადავხედავთ რა გაძვირება გამოიწვია პანდემიამ სახარჯ მასალაში, სამედიცინო დანიშნულების საგნების 99% არის იმპორტირებული და აბსოლუტურად დამოკიდებულია ამ გარე ფაქტორებზე, ასევე, ლარის კურსზე. ამიტომ, ორივე მხარე საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ 10 წლის წინანდელი ტარიფით ოპერირება შეუძლებელია.

იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის დიდ მასას ფარავს, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლის დიდი წილი ზუსტად ამ ბიუჯეტზეა დამოკიდებული ანუ ძალაუნებურად, კლინიკები დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტზე“,- განაცხადა მაია მახარაშვილმა.

რა არის მთავარი მოთხოვნა?

 

„ჩვენი მოტივაციაა ადეკვატური გახდეს ტარიფი“, – ამბობს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„გატარდა ტექნიკური სამუშაოები, გავიარეთ მეთოდოლოგია და საკითხი დადგა ინდექსაციაზე, რადგან არის ათი ათასობით კოდი, რომელზედაც მიბმულია ეს დაფინანსება. ამასთან, სამინისტროს დაანონსებული აქვს დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა, ამიტომ ასოციაციამ აირჩია ასეთი სტრატეგია, რომ სანამ სექტორი გადავა დაფინანსების ახალ მეთოდზე, 520-ე დადგენილების ფარგლებში შესული ტარიფები (კარდიოლოგია, ინტენსიური და კრიტიკული მოვლა), მოხდეს ამ ტარიფის ინდექსაცია, იმისთვის, რომ ეს ტარიფი ადეკვატურთან მიახლოებული გახდეს“, – აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, ინდექსაცია სექტორს ადეკვატურ ტარიფამდე ვერ მიიყვანს, თუმცა მისცემს შეღავათს, რაც ფასის მატების შემთხვევაში მოქალაქის ჯიბეზე ნაკლებად აისახება.

„ჩვენი მოლოდინით, 15%-ით მაინც მოხდება ინდექსაცია (ფასის მატება), რაც ჩამოვთვალე იმ ტარიფების [რეანიმაციული და კარდიოლოგიური სერვისების]“, – განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

„მოლოდინი გაიწელა“ – ბოლო დაპირება ჯანდაცვის სამინისტროსგან

 

მაია მახარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ კლინიკებისთვის რეანიმაციული სტანდარტი ივლისის თვეში მომზადდებოდა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რეანიმაციული სერვისებზე ტარიფების ინდექსაცია მოხდებოდა, თუმცა ეს პროცესი, მისი შეფასებით, დროში იწელება.

„სამინისტროსგან ბოლო დაპირება იყო, რომ 1-ელ ივლისს დამტკიცდებოდა რეანიმაციის სტანდარტები და ვინც დააკმაყოფილებდა ამ სტანდარტებს, მათ მიეცემოდათ ინდექსირებული ტარიფი. თუმცა, 1-ელი ივლისი გავიდა და ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ვერ მოხდა შეთანხმება. ესეც დროში იწელება“, – ამბობს ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი და დასძენს, რომ  მხოლოდ ტარიფიკაციით პრობლემები ვერ მოგვარდება და ამაზე სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც საუბრობენ.

„მოთხოვნა ისევ არის, რომ მოხდეს ინდექსაცია და ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ იმაზე, რომ ახალ მეთოდზე გადასვლა, რეალურად, წლის ბოლოს მოხდეს, თანამშრომლობა მოლაპარაკებების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არის რამდენიმე კლინიკა, რომელმაც დასვა საკითხი, ხომ არ გავიდეთ საყოველთაო პროგრამიდან, საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს ითქვა საუბრების დონეზე, შესაძლებელია ეს რისკი დადგეს.

განსაკუთრებით პატარა კლინიკებს გაუჭირდათ, რეგიონში რომელიმე კლინიკის გასვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებულ მომსახურებას, რაც დიდი რისკია“, – განაცხადა  „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, მაია მახარაშვილმა.

 

„მივალთ პრემიერთან, მივმართავთ რადიკალურ ზომებს“ – ზუგდიდში დევნილთა კლინიკის ექიმები აქციას მართავენ

 

magti 5g