ბათუმში UEFA-ს სტანდარტების მქონე სტადიონის მშენებლობა იწყება. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ააშენებს.
“ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე” – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

როგორი იქნება სტადიონი :
►შპს „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
►ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
►სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
►იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.
►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

