“არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, ამ კომპონენტში არ არის ჩადებული.” – ჯანდაცვის მინისტრი ეხმიანება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისათვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეს არის სტარტეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა.
“რაც შეეხება 100 ვაქცინას ცნობილი ადამიანებისთვის, ეს არის სტარტეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება.
თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს ამ კომპონენტში არ არის ჩადებული.” – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოფა.