თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ უნებართვო მშენებლობებისთვის ჯარიმების ზრდაზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, ისინი ხვალიდან შედის ძალაში. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით:
– კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 ათასი ლარით, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;
– კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 ათასი ლარით, ნაცვლად 20 ათასი ლარისა;
– კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მესამე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი, ნაცვლად 10 ათასი ლარისა, ხოლო მეოთხე კლასის შემთხვევაში – 75 ათასი ლარი, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.
თბილისის მერის თქმით, კანონის გამკაცრების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაა.