საქართველოს რკინიგზის ცნობით, 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
სამგზავრო მატარებლის ტევადობა, დაახლოებით, 100 ადგილით გაიზრდება და მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს. კერძოდ, თბილისიდან გავა 09:00 საათზე და ოზურგეთში ჩავა 16:18 საათზე, ხოლო ოზურგეთიდან 08:40 საათზე დაიძვრება და თბილისში 16:00 საათზე ჩამოვა.
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-15 ლარი იქნება.
მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ვებგვერდზე.
მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე – ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. უფრო კონკრეტულად, ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ქუთაისში რიონის სადგურამდე ჩავლენ. ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (№6355/6356 და №6353/6354 ), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. ამ მატარებელზე (რიონი-ქუთაისი 1) მგზავრობის საფასური 0.50 ლარი იქნება.
თბილისი-ფოთი-თბილისი (№874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (№870/869) მატარებლის ბილეთების შეძენა ასევე საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
(R)