LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 თვეში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა – საქსტატი ექსპორტ-იმპორტის შედეგებს აქვეყნებს

128
საგარეო ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (2 მლრდ 553 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია რუსეთმა დაიკავა (2 მლრდ 206 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი – ჩინეთმა (1 მლრდ 678 მლნ აშშ დოლარი).

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 11 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 73.1%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 13.4% შეადგინა. იანვარ-ნოემბერში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების რუსული პროდუქცია იყიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
  • კოქსი და ნახევარკოქსი;
  • ხორბალი და მესლინი.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი წლიურად 8.9%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.9% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სპირტიანი სასმელები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეული ასე გამოიყურება: ჩინეთი (661 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (598 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (595 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 933 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები 763 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1%), ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები 455 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 9%).

11 თვეში საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თურქეთი (2 მლრდ 143 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 მლრდ 608 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 მლრდ 018 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-ნოემბერში საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 391 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 მლრდ 236 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.3%), ხოლო მესამე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 725 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.1%).

საქსტატის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მლრდ 018 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2%-ით მეტია.

იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 5 მლრდ 037 მლნ აშშ დოლარი იყო (31.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 11 მლრდ 981 მლნ აშშ დოლარი (32.4%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მლრდ 944 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები