LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი $-ის პიროტექნიკა შემოვიდა – ექიმი გვირჩევს, როგორ ავარიდოთ ბავშვებს მოსალოდნელი საფრთხეები

192
საშიში პიროტექნიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 5.6 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკის (ფოიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი) იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების თანახმად, 11 თვეში საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი.

სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • 2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
  • 2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
  • 2018 წელი – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი

სტატისტიკაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქტებთან ერთად, გასული წლების მსგავსად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა პიროტექნიკაზე, თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების არაერთი მოწოდებისა თუ გაფრთხილებისა, არ მიჰყიდონ პიროტექნიკა ბავშვებს, მისგან გამოწვეული ზიანი, განსაკურებით კი არასრულწლოვნებში, ყოველწლიურად მაინც სულ უფრო მასშტაბური ხდება.

ოპოზიციონერი დეპუტატები „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს აინიციირებენ

ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია: ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

თუმცა, მიუხედავად კანონით გაწერილი ჯარიმებისა, ნათელია, რომ კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩება, რაკიღა თბილისის ქუჩებში და არამხოლოდ, მოზარდებზე პიროტექნიკის მიყიდვა კვლავ ხელმისაწვდომი და მარტივია.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა 

„ზოგ შემთხვევაში ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ“.

ახალი წლის ფოიერვერკებით აღნიშვნისას ცოტა თუ ითვალისწინებს, რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის წესების გარეშე გამოყენებას.

თავად მოქალაქეებისა და გარემოს ზიანის გარდა, მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მიუსაფარი ცხოველები, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, რომელთაც პიროტექნიკით გამოწვეული ხმაური შიშისგან პანიკაში აგდებთ, შედეგად კი უამრავ დაღუპულ ცხოველს, ფრინველსა და დაბინძურებულ გარემოს ვიღებთ.

ამდენად, ვიდრე ხანმოკლე ესთეტიკური სიამოვნებისთვის არჩევანს ფერად ფოიერვერკებზე გავაკეთებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ე.წ. „ასაფეთქებლებისგან“ გამოწვეულ რამდენიმეწუთიან სიხარულს, მით უფრო თუ მას ბავშვები და თანაც არასწორად იყენებენ.

15 000 ხელმომწერი პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს – რა წერია პეტიციაში

სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბავშვებს და არავითარ შემთხვევაში, არ მისცენ უფლება/შესაძლებლობა თავად შეიძინონ ე.წ „ასაფეთქებლები“ და მით უფრო, დამოუკიდებლად გამოიყენონ.

„9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ – „ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა“ – ნაცვლიშვილი

ექიმების ნაწილის შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, თუმცა პიროტექნიკით გამოწვეული ზიანი ყოველწლიურად იზრდება.

 

რა შედეგებს იწვევს პიროტექნიკის არასწორად გამოყენება

 

თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიგიენისტისა და ეკო-ტოქსიკოლოგის, მარინა გიორგობიანის თქმით,  სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში პიროტექნიკა ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდ ზიანს აყენებს და პირველ რიგში, ეს ბავშვებსა და მოზარდებს ეხებათ.

როგორც ექიმმა „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მოზრდილები, რომლებიც წესით, ამ საფრთხეებში უნდა ერკვეოდნენ, რატომღაც პიროტექნიკის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებულ საშიშროებასა და რისკებს უგულებელყოფენ.

ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა

„მეტიც, ისეთი პიროტექნიკის გამოყენების წესებს უგულებელყოფენ, რომელსაც არანაირი შემოწმება არ აქვს გავლილი – ბაზარზე წარმოუდგენლად ნაირგვარი პიროტექნიკაა შემოტანილი, თანაც ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ამის კონტროლი არანაირად არ ხდება და სამწუხაროდ, არც ჩვენთან კონტროლდება.

ვერ გეტყვით, კანონი არასრულწლოვანთათვის მიყიდვის შემთხვევაში, როგორ მუშაობს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სამწუხაროდ, ყოველ წელს ძალიან ბევრი შემთხვევაა. ფაქტია, რომ ზეიმი, რომელიც ახალი წლის დადგომას თან ახლავს, ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება“, – განუცხადა „ფორტუნას“ მარინა გიორგობიანმა.

 

ექიმის რჩევები მშობლებს

 

ზემოთჩამოთვლილი რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ექიმი მშობლებს ურჩევს, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ბავშვებს საშუალება, თავად შეიძინონ და მით უფრო, გამოიყენონ პიროტექნიკა.

მარინა გიორგობიანის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ ასაფეთქებლების სწორად მოხმარებას, რამაც შესაძლოა მოზარდებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

„ბავშვმა ე.წ პიროტექნიკა საწვავით სავსე ჭურჭელში ჩააგდო - სხეულის ათი პროცენტი დაზიანებული აქვს“ – როგორია ქობულეთში პიროტექნიკით დაშავებული მოზარდის მდგომარეობა 

„დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“.

„ჩემი, როგორც ექიმის, ჰიგიენისტის და განსაკუთრებით, როგორც ეკო-ტოქსიკოლოგის რჩევაა და ეს რჩევა ყველას ეხება, ვინც ახლა კითხულობს – პატარებს, მოზარდებს, მშობლებს: არავითარ შემთხვევაში არ უყიდოთ ბავშვებს პიროტექნიკა და მით უმეტეს, არასწორად არ ააფეთქოთ!

რა თქმა უნდა, აკრძალვა აბსურდი იქნება, დღესასწაულს – ახალი წელი იქნება ეს, ახალი სიცოცხლის დაბადება თუ სხვა სასიხარულო ამბავი, ფოიერვერკი ყველაფერს უხდება, აქ საუბარია იმაზე თუ, როგორ, სად და ვინ გამოიყენებს ამას“, – გვითხრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

წესები და უსაფრთხოების ზომები

 

როგორც ექიმმა გვითხრა, მნიშვნელოვანია სწორად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, იმისთვის, რომ თავი ავირიდოთ, როგორც თვითდაზიანებისგან, ისე გარემოს ზიანისგან.

ეკო-ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ არსებობს ისეთი პიროტექნიკა, რომელიც ფაქტობრივად, მხოლოდ მიწაზე უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ხანძრის გაჩენის საშიშროება ნაკლებია.

„ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, უცნობია“ – ბათუმში 10 წლის მოზარდს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა

„უნდა იყოს მიწაზე, აუცილებლად მოშორებით და არა აივნიდან და ფანჯრიდან, დისტანცია 3-იდან [მინიმალური] 6-მეტრამდე მაინც უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, განსაკუთრებით თბილისში, შენობები, კორპუსები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ფანჯრიდან გასროლილი პიროტექნიკა შეიძლება სხვისთვისაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს.

არავითარ შემთხვევაში, ბავშვის ხელში, არანაირი პიროტექნიკის, თუნდაც ძალიან ძვირადღირებულისა და შემოწმებულის დაკავება, არ შეიძლება.

ჯერ ერთი, რომ დაზღვეული არავინაა და მეორე – ამ დროს, ბავშვის ქმედებები ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად, დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს, შესაძლოა ძალიან მძიმე ინტოქსიკაცია მოჰყვეს.

ამდენად, არც პატარა, არც საშუალო და მით უფრო, დიდი ზომის – არანაირი პიროტექნიკა ბავშვის ხელში არ უნდა მოხვდეს. მოზრდილებმა კი აუცილებლად უნდა დაიცვან წესები, როგორ მოიხმარონ სწორად“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინა გიორგობიანმა.

 

შემთხვევები გასულ წლებში

 

ექიმს ასევე ვთხოვეთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გასულ წლებში მომხდარი შემთხვევების გახსენება – მარინა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გარდა მძიმე შემთხვევისა, უფრო მეტად ხშირია დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებები.

ამასთან, მედიკოსის თქმით, პიროტექნიკით გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საკმაოდ, სერიოზული ზიანის მომტანი კონცენტრაციისაა, რაც ასევე ინტოქსიკაციის მიზეზი გამხდარა.

მხოლოდ 3 დღეში პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა – მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს

„გასულ წლებში იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, როცა პატარა ბავშვებმა კიდურები დაკარგეს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია, თუმცა 3-4 დანამდვილებით შემიძლია დაგიდასტუროთ.

რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამწვრობა კიდევ უფრო ხშირია, ხოლო პიროტექნიკით გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საკმაოდ სერიოზული ზიანის მომტანი კონცენტრაციისაა.

ეს კონცენტრაცია კი განსაკუთრებით საშიშია პატარებისთვის, რადგან მათი ორგანიზმს დაცვის მექანიზმი, ადაპტაციის უნარი არც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აქვს და არც სასუნთქ სისტემას, განსაკუთრებით კი ლორწოვანი გარსი ზიანდება.

მოზარდებში კი არა, სამწუხაროდ, მოზრდილებშიც ძალიან დიდია დაზიანების რისკები, აქედან გამომდინარე, ალბათ, მშობლებიც უნდა გაფრთხილდნენ.“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას მარინა გიორგობიანმა.

 

 

 

პოპულალურები