საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, 112-ში ზარების შემცირების შესახებ ისაუბრა. როგორც არსოშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში 112-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა. მისივე თქმით, ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ცოტა ხნის წინ, 30 000-მდე ზარი შედიოდა.
“პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ 112-ში არსებული მდგომარეობა მომართვიანობის თვალსაზრისით. ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა დანაყოფი, 112-იც პანდემიის პირობებში მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქეებმა მიიღოს შესაბამისი დახმარება. 112-მა პანდემიის ფარგლებში შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა, ნებისმიერ მოქალაქეს, ან ვისაც ჰქონდა დადასტურებული შემთხვევა, შეეძლო მომართვა გაეკეთებინა 112-ში. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 112-ში მომართვიანობა დაახლოებით 80% არის გაზრდილი. ამ ფაქტორმა გამოიწვია, გარკვეული დაყოვნება 112-თან დაკავშირების თვალსაზრისით, რისთვისაც თითოეულ მოქალაქეს მინდა ბოდიში მოვუხადო“,- განაცხადა არსოშვილმა.
არსოშვილმა ისაუბრა, თუ როგორ მოხერხდა პრობლემის მოგვარება.
„ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ, რათა აღმოფხვრილიყო ეს მოლოდინები. პირველი რაც გაკეთდა – ჩვენ გავხსენით დამატებითი, ალტერნატიული ცენტრის გახსნა. ამ ცენტრშიც ხდებოდა ასევე ზარების მიღება. მეორე რაც გაკეთდა – ყველა თანამშრომელი გადაყვანილი იქნა განსაკუთრებულ ცვლებში. ასევე, რაც გაკეთდა – დაემატა ოპერატორები და 200 ოპერატორი დაემატა პანდემიის ფარგლებში 112-ს. ასევე გაძლიერდა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა, რათა თითოეულ მოქალაქეს შეუფერხებლად შეძლებოდა დაკავშირება 112-თან. ასევე, 112 დაიყო სამ არხად: 112, 112-1 და 112-2, რათა რაციონალურად მომხდარიყო სატელეფონო ზარების გამოყენება“, – ამბობს არსოშვილი.
არამიზნობრივ ზარებზე საუბრისას, მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, 112 მხოლოდ მაშინ დარეკონ, როცა დახმარება სჭირდებათ.
ინტერნეტი გამეთიშა, წყალი არ არის, რა ვქნა? 112-ში შესული სახალისო არამიზნობრივი ზარები
„მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა, და მიუხედავად მაღალი მომართვიანობისა, 112 არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და ყოველდღიურად, სამწუხაროდ, მომართვიანობა 112-ში არის დაახლოებით 30%. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ 112 გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გვესაჭიროება კონკრეტული დახმარება. რაც შეეხება ბოლო ტენდენციებს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ტენდენცია 112-ში არის საკმაოდ დადებითი. ვინაიდან შემცირებული არის მომართვიანობა, როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებთან დაკავშირებით – მომართვიანობა შემცირებულია დაახლოებით 38%-ით. ასევე მომართვიანობა შემცირებული გვაქვს საშუალოდ, დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით და რაც ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა უკვე 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი იყო მხოლოდ, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში, ჩვენ ვღებულობდით 27 000 და 30 000 ზარსაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვეიმედება, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და უფრო ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.