LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 დასი და კომედიის ფესტივალის 17 დღე – თეატრალების თავშეყრის ადგილი ისევ რუსთავის თეატრია

320
ნიკოლოზ-წულუკიძე

რუსთავის თეატრში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი საოცარი სანახაობით გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე ნიკოლოზ წულუკიძის პროექტს „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ დაეთმო. ნიკამ მაყურებელს ანსამბლ სუხიშვილებთან, ეკა მამალაძესთან, ნიკა ნიკვაშვილთან და ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად თეატრის ისტორია უამბო. მისმა პერფორმანსმა ანშლაგით ჩაიარა. ნასიამოვნები მაყურებელი არტისტს სცენიდან დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდა.

პირველი დასი კი რომელმაც საფესტივალო სცენა დაიკავა, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრს ეკუთვნოდა.

ფესტივალი მთლიანობაში 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 12 სხვადასხვა დასი მიიღებს მონაწილეობას.  შინაარსი წელსაც უცვლელი იქნება და რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი კომედიის ჟანრის გამორჩეულ სპექტაკლებს უმასპინძლებს.

ფესტივალის ორი დღე ვორქშოპს დაეთმობა, სადაც თეატრის მოყვარულები თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას გაეცნობიან.

გარდა ამისა, არ დაირღვევა კიდევ ერთი ტრადიცია და ჩატარდება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. მასში მონაწილეობას სტუდენტი და მაგისტრანტი რეჟისორები მიიღებენ, ისინი კომედიური ჟანრის ეპიზოდურ პიესებს დადგამენ.

კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცემა, რომ თავისი სპექტაკლი რუსთავის თეატრში დადგას, გარდა ამისა, სასიამოვნო ბონუსი იქნება ისიც, რომ სწავლის ერთი წლის საფასურიც დაუფინანსდება.

საინტერესოა, რომ გასული წლის გამარჯვებულის, რატი ლაბაძის სპექტაკლი „ყველაზე მართალი ადამიანი“ წელს კომედიის თეატრალური ფესტივალის რეპერტუარშია.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g