LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის განმავლობაში, ავღანეთში, საქართველომ იმაზე მეტი შეასრულა და გააკეთა, ვიდრე ძალიან ბევრი, ნატოს წევრი ქვეყანა აკეთებდა: ირაკლი ალადაშვილი

296
228421159

ავღანეთში NATO-ს მისია სრულდება – თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საქართველოში დაბრუნდებიან. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით  დატოვებენ.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს, როგორც NATO-სთან, ასევე ორმხრივად, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება.

რა შეიცვლება ამ მისიის დასრულების შემდგომ საქართველოს უსაფრთხოებაში და რა გავლენას მოახდენს პერსპექტივაში ქვეყნის სვლა – ალიანსში გაწევრიანების გზაზე – ამ საკითხებზე „ფორტუნა“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარ რედაქტორსა და სამხედრო ანალიტიკოსს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, ვიცით, რომ ავღანეთში NATO-ს მისია სრულდება და შესაბამისად, ქართველი სამხედროები მალე სამშობლოს დაუბრუნდებიან. საკმაოდ მოცულობითი თემაა, ქართველი სამხედროები მისიაში რამდენიმე ეტაპად იყვნენ ჩართულნი, ბოლო მისიაში კი, მათი რიცხვი 1000-ამდეც კი იყო, დავკარგეთ 32 ჯარისკაცის სიცოცხლე… საინტერესო იქნება თქვენი შეფასება ზოგადად, ამ მისიის მნიშვნელობასა და მისგან მიღებულ გამოცდილებაზე…

ირაკლი ალადაშვილი: ავღანური ომის ეპოპეა უკვე 20 წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც 2011 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცნობილი ტერორისტული აქტები განხორციელდა და ამერიკელებმა ერთგვარი შურისძიების მიზნით – ოსამა ბინ ლადენის გასანადგურებლად, სპეციალური ოპერაცია დაიწყეს, რაც წლების განმავლობაში დიდ, პარტიზანულ თუ ანტიტერორისტულ ომში გადაიზარდა.

 

 

ავღანეთის ომში საქართველო 2 ეტაპად იყო ჩაბმული. პირველად 2004 წელს, რამდენიმე თვით, როდესაც 50 ჩვენი სამხედრო ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად  ავღანეთში იმყოფებოდა. ხოლო შემდეგ, ეს დიდი პროცესი 2009 წლის შემოდგომიდან დაიწყო.

მე-12 წელია, რაც ქართველი სამხედროები ავღანეთში იმყოფებიან. მათი რაოდენობა 150 კაციდან დაიწყო და დღეს 860-ია. იყო პერიოდი, როცა ქართველი სამხედროების რიცხვი ბევრად მეტი იყო.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2009 წელს, როცა აგვისტოს ომიდან მხოლოდ 1 წელი იყო გასული და არსებობდა დიდი საფრთხე, რომ რუსებს სამხედრო აგრესია გაეგრძელებინათ, ქართველების გაგზავნა საკმაოდ სარისკო იყო, რადგან მანამდე, როდესაც აგვისტოს ომი იყო, გახსოვთ, რომ 2000-ამდე ქართველი სამხედრო ერაყში გვყავდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს დაცვას მოაკლდა.

ამ 12 წლის განმავლობაში, ავღანეთში, საქართველომ, ფაქტობრივად, იმაზე მეტი შეასრულა, რაც შეეძლო და იმაზე მეტი გააკეთა, რასაც ძალიან ბევრი, თვით ნატოს წევრი ქვეყანა აკეთებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, სხვათა შორის, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ახსენებენ.

ამ 12 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 32 სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაიჭრა, შეიძლება 300-ამდე ადამიანი. 20 ათასამდე სამხედრომ კი ეს როტაციები გაიარა, იყო 107 როტაციაზე მეტი. ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი, დადებითი სკოლა იყო, თუმცა, თავისი ნიუანსებით. მანამდე როგორც ამას ერაყში გავდიოდით, თუმცა, ერაყის გამოცდილება შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს ომის დროს, დიდად ვერაფერში გამოგვადგა.

 

როგორ ფიქრობთ, ახლა, როცა ავღანეთის მისია სრულდება, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტორმა ქვეყნისთვის გლობალური უსაფრთხოების ჭრილში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს მისია როგორც თავად თქვით, ბევრი თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ თემამ ჩვენი ნატოში გაწევრიანების გზაზე გარკვეული შეფერხება ან დროებით პროცესის შეჩერება გამოიწვიოს?

ირაკლი ალადაშვილი: კარგი კითხვაა იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, როდესაც ჩვენი სამხედროების გაგზავნა დაიწყო, მაშინ, როდესაც დაძაბულ სიტუაციაში ვიმყოფებოდით, ამის გამართლება ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა ისე, რომ – აი, ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნატოში – დავდგეთ ორბიტაზე, რადარზე. ეს რაღაც უცნაური სიტყვები რომ იციან ხოლმე.. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლებაც დაახლოებით იმავე აზრზე იყო და არის, როცა ამბობს, რომ ჩვენ ნატოში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.

რა თქმა უნდა, ამაში არის გარკვეული სიმართლე იმ გაგებით, რომ ჩვენ ნატოს ვაჩვენებთ, რომ ალიანსში არამხოლოდ მიღება გვსურს, არამედ დარჩენა და ნატოს რიგ ქვეყნებზე ბევრად მეტიც გაგვიკეთებია. თუმცა, დააჩქარა თუ არა ამან, ჩვენი ნატოში გაწევრიანების თემა, ამას თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ.

კი, პატარ-პატარა ნაბიჯები წინ გადაიდგა, მაგრამ ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენ გვსურს და რასაც ჰქვია იგივე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და ბოლოს, ნატოს სრულფასოვანი წევრობა – ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ჩვენ ვხედავთ ბევრ შეპირებას, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რა გვსურს ჩვენ  ნატოსგან, რა არის ჩვენი იდეაფიქსი – მთავარი მხოლოდ ის ხომ არაა, რომ სადღაც გავერთიანდეთ? ყველაზე საუკეთესო ვარიანტია საერთოდ ნეიტრალურები ვიყოთ, მაგრამ საქართველოს ეს ფუფუნება არც საუკუნეების მანძილზე ჰქონია, არც ახლა გვაქვს და სამწუხაროდ, არც მომავალში გვექნება, რადგან საფრთხე ყოველთვის გვემუქრება – ხან რომელი მხრიდან და ხან რომელი.

ამიტომ გვინდოდა, დასავლეთის, ნატოს ქოლგის გადაფარება, რომ შევიდეთ და უსაფრთხოება მივიღოთ. არ გვეშინოდეს იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შორეულ მოსკოვში, ვიღაცას რაღაცა დაესიზმროს, წამოვიდეს და პრობლემები შეგვიქმნას. ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გვქონდეს და ამ ყველაფრის მთავარი იდეა სწორედ ეს გახლავთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ.

 

ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ საამისოდ ქვეყანას საკმარისი მზაობა არ გააჩნია თუ არის კიდევ გარემო ფაქტორები, რასაც ვერ ან არ ვითვალისწინებთ?

ირაკლი ალადაშვილი: ვერ მივაღწიეთ არა იმიტომ, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არაა, გნებავთ პოლიტიკურად, სამხედრო ან ეკონომიკური თვალსაზრისით.. ისეთი წევრები მიიღეს ბოლო წლებში, რომ თუ დემოკრატიის თვალსაზრისით ავიღებთ, ისინი საქართველოსგან ძალიან შორს არიან. აქ მთავარი ნაწილი პოლიტიკურია – მოგეხსენებათ ნატოს დებულება მოითხოვს, რომ მისი ყველა წევრი თანახმა უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა ახალი წევრი მიიღოს.

ეს კონსესუსი კი, ამ წლების განმავლობაში ვერ შედგა და ვერც შედგება, რადგან არსებობს ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის, რომლებიც (ადრე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ ეს ქვეყნები არ დაესახელებინათ, თუმცა, ახლა ეს დიდ ცოდნას არ საჭიროებს)  საქართველოში ნატოში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ერთგვარად ამუხრუჭებენ. ეს არის იგივე: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

სამაგიეროდ ახალი წევრები – პოლონეთი, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები – ჩეხეთი, ბულგარეთი ესენი პირიქით – ჩვენც და უკრაინასაც მხარს გვიჭერენ – გავხდეთ ნატოს წევრები, რადგან მათ იციან, რა საფრთხეებს წარმოადგენს რუსული აგრესია.

 

 

ბატონო ირაკლი, ნათელია, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა და მით უფრო, რუსეთთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ ბაიდენი განცხადებები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვისმენია, საკმაოდ მკაფიოა მისი ხისტი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მისი ადმინისტრაციის პირობებში?

ირაკლი ალადაშვილი: ტრამპთან ბაიდენის შედარება ცოტა რთულია, რადგან ტრამპი საერთოდ სხვა გამოვლინება იყო ამერიკულ პოლიტიკაში და მათ შორის, პრეზიდენტებს შორის, და არა მხოლოდ. შესაძლოა ბაიდენი რუსეთთან მიმართებაში ხისტია, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები – საფრთხე რეალურია, ნატოს ეძინა, ამას ყველა ვამბობთ, რადგან მთელი ყურადღება ავღანეთის ომის ჭაობზე იყო გადატანილი.

ეს საფრთხე კი გამოვლინდა იმაში, რომ რუსეთი გაძლიერდა, ფეხზე წამოდგა, ჯერ საქართველოში შემოიჭრა, ხოლო შემდეგ უკრაინაში და ეს მხოლოდ შეშფოთება/აღშფოთების დონეზე რჩებოდა.

იმედია ახლა ხვდებიან რა საფრთხეების წინაშე არიან, როცა რუსული აგრესიის საფრთხე მათ საზღვრებს მიადგა, ახლა უნდა გამოჩნდნენ, თუმცა, ასე ადვილიც არაა. წლები დაიკარგა და აქ მთელი ნიუანსებია.

ავღანეთში NATO-ს მისია სრულდება – თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საქართველოში დაბრუნდებიან

 

 

 

 

magti 5g