LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში NATO-ს მისია სრულდება – თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საქართველოში დაბრუნდებიან

144
ჯარისკაცები

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით ავღანეთს დატოვებენ.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს, როგორც NATO-სთან, ასევე ორმხრივად, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

უწყების განცხადებით, ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

“1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

“თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავღანეთის მისია სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება: არჩილ თალაკვაძე

 

პოპულალურები