LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება – რა რისკებსა და საფრთხეებს უქმნის ქვეყანას ოკუპანტების მორიგი მიზნები

667

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან სულ რაღაც 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება.

მისივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები სომხეთის თავუშის ოლქის, ბერდის რაიონის სოფელ აიჰეპართან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრიდან 1 კილომეტრითაა მოშორებული.

როგორც ალადაშვილი ამბობს, ახალი რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან პირდაპირი ხაზით მხოლოდ 55 კმ-ით იქნება დაშორებული, მარნეულიდან კი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი საჰაერო ბაზაა განთავსებული – 80 კმ-ით.

ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი მისი თქმით ისაა, რომ იმ ადგილთან ახლოს, სადაც რუსები ახალ სამხედრო ბაზას აშენებენ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენი გადის.

რა ტიპის საფრთხეებსა და რისკებს წარმოშობს ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა საქართველოსთვის; შექმნის თუ არა დაძაბულობას გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აღნიშნული ფაქტი და რაზე იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარებაამ საკითხებზე ირაკლი ალადაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ყოველკვირეულ გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა ტიპის საფრთხეებს შესაძლოა ქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა საზღვრიდან 55-კმში, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა უპასუხა:

„საქართველოს საზღვართან უფრო ახლოს, დაახლოებით 30-40 კილომეტრში, უკვე 3 ათეული წელია ისედაც არის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, ასე რომ ამ მხრივ „ბედნიერები“ ვართ.

2008 წელს, სწორედ ამ რუსული სამხედრო ბაზიდან, დაახლოებით 50 მობილიზებული ჯავშანტექნიკა პირადი შემადგენლობით საქართველო-სომხეთის საზღვართან იყო მომდგარი და საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და დასჭირვებოდათ, ისინი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრებოდნენ.

რაც შეეხება ახალ ბაზას, ეს უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, თავუშის რაიონშია, სადაც 2020 წელს, ზუსტად 2 წლის წინ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებები მოხდა და მაშინ იყო შესაძლებლობა, რომ დიდი ომი დაწყებულიყო, თუმცა უკვე 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომი დაიწყო და გარკვეულ გამარჯვებასაც მიაღწია.

ანუ, ეს ადგილი – საზღვარი, წესით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში უკვე დამტკიცებული იყო, როგორც საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და წესით იქ, არაფერი გაუგებრობა არ არის, იგივე ყარაბაღისგან განსხვავებით, მაგრამ დაძაბულობა მაინც არსებობს.

ახლა კი ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე რუსებმა ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყეს და რა თქმა უნდა, სომხეთის მთავრობის ნებართვით“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად საგულისხმო გარემოებაა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ალადაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიზნები დიდი ალბათობით, სტრატეგიულ გათვლებს უკავშირდება, ვინაიდან სწორედ ამავე ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სტრატეგიული მნიშვნელობის გაზსადენები გადის.

„ერთი შეხედვით, როდესაც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რუსებს ორი საოკუპაციო სამხედრო ბაზა აქვთ, თითქოს რაღა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქართველოს საზღვრიდან 55 კმ-ში და მარნეულიდან 80 კილომეტრში ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნას, მით უმეტეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იქ სადაც ბაზა იქმნება, იქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში და უფრო ახლოსაც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სტრატეგიული მნიშვნელობის გაზსადენები გადის.

ყველამ ვიცით, რომ იგივე ევროპა, თავის დროზე და სხვათა შორის, ადამიანის უფლებების კუთხით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა პირიქით, ცდილობს აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, რადგან რუსული ნავთობი სწორედ აზერბაიჯანული, თურქმენული და ყაზახურით ჩაანაცვლოს“, – დასძინა ირაკლი ალადაშვილმა.

დამატებით რისკებსა და საფრთხეებზე საუბრისას კი „არსენალის“ რედაქტორმა განმარტა, რომ სტრატეგიული ნავთობსადენები, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ თურქეთში გადის, სომხეთსაც გვერდს უვლის და თამაშგარე მდგომარეობაში რუსეთი რჩება.

ამდენად, ალადაშვილის მოსაზრებით, არსებობს გარკვეული ვარაუდი და საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა ევროპისთვის (თუ ევროპა რუსეთისგან გაზს და ნავთობს აღარ იყიდის) ამ გზის ჩაკეტვა მოინდომოს, დამატებითი საფრთხე კი ალტერნატიული გზაა, რაც სამხრეთ კავკასიაზე გადის და არსებობს რისკი, რომ შესაძლოა იქ რაღაც მოხდეს, რათა შეწყდეს მიწოდება.

„არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იგივე ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის 2 კმ-იანი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი, ახალგორის რაიონში, ცხინვალში გადის, რასაც ფაქტობრივად ადგილობრივი სეპარატისტები და ოკუპანტები აკონტროლებენ, ასე რომ ესეც გასათვალისწინებელია.

ამდენად, შანტაჟი ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე რუსეთის მხრიდან აბსოლუტურად დასაშვებია“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა გადაცემაში „კვირის თემა.“

არსებობს თუ არა დივერსიებისა და შეტაკებების მორიგი რისკი და რაზეა დამოკიდებული მოვლენების განვითარება, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებასთან მიმართებით, წამყვანის ამ რეპლიკაზე ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა:

„რისკების სახით შესაძლოა, ისევ მორიგი შეიარაღებული შეტაკებები იყოს, როგორც ეს 2 წლის წინ, ამ რაიონში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოხდა და როდესაც მხარეებს შორის (ვხედავთ უკრაინაში) შორსმროლელი არტილერიით საბრძოლო მოქმედებები ხდება, შესაძლოა ამ ზონაში ნავთობსადენების მონაკვეთები მოჰყვეს. რისკებში ესეც უნდა განვიხილოთ.

ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ყველაფერი არის უკრაინის ომზე დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, საით წავა და ა.შ. თუ რუსეთმა იქ წარმატებების მიღწევა დაიწყო, შეიძლება კიდევ უფრო მეტი მოინდომოს და თუ პირიქით მოხდა, შესაძლოა ვაბანკზე წავიდეს და კიდევ უფრო უარესი მოხდეს, წინასწარ ამის გათვლა ადვილი არ არის, ძალიან რთულია.

მართალია, საბედნიეროდ ჩვენ ამ მოვლენებისგან და საფრთხისგან ცოტა მოშორებით ვართ, მაგრამ გამორიცხული არ არის შავი ზღვის აკვატორია, კასპიის ზღვის აკვატორია და რაც მთავარია სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობის, გაზის გამო, სამხრეთ კავკასიაში ამ მხრივ გარკვეული გართულებები წამოვიდეს.

ვნახეთ რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ სეპარატისტული რეგიონები – არც დონეცკი, არც ლუჰანსკი და არც ჩვენი ადგილობრივი, სეპარატისტული წარმონაქმნები არ აღიარა.

ისიც ვნახეთ, რომ ყაზახეთის ნავთობი, რომლის ტრანსპორტირებაც ათწლეულების მანძილზე, რუსეთის გავლით ნოვოროსიისკის პორტიდან ხდებოდა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ვითომ იქ ნაღმი აღმოაჩინეს, მერე ვითომ რაღაც გაფუჭდა და ფაქტობრივად თვეზე მეტია ყაზახეთი  ნავთობს ვეღარ ყიდის.

როგორც ჩანს, ყაზახეთმა თავის დროზე შეცდომა დაუშავა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიულ მაგისტრალების კეთების დროს, მან მაინც ძველი, საბჭოთა პერიოდის მიმართულება არჩია“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.

მიუხედავად მოვლენათა განვითარების სირთულეებისა, თუ როგორ შეიძლება პროცესი გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია რა შეიძლება ამ ფონზე ქართულმა მხარემ რისკების შემცირებისთვის გააკეთოს. როგორც „არსენალის“ რედაქტორმა აღნიშნა, აუცილებელია კარდინალური, შიდა პოლიტიკური ცვლილებები:

„ჩვენ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და რაც გვჭირს, ის უნდა გადავლახოთ – შევდგეთ როგორც ერი, თორემ თუ ერთმანეთი შევჭამეთ, მერე უკვე აღარც ის დაგვაინტერესებს, რუსები 10 კილომეტრში გამართავენ ამ სამხედრო ბაზას თუ სადმე შიგნით… ამიტომ მთავარი შიდა პოლიტიკური, სერიოზული ცვლილებებია. კარდინალური ცვლილებები, უნდა შევიგრძნოთ, რომ საფრთხე ქვეყნის მომავალს ეხება და არა სხვა რამეს.“ – დასძინა ირაკლი ალადაშვილმა გადაცემაში „კვირის თემა.“

პოპულალურები