წინანდლის ისტორიულ მამულში კიდევ ერთი საკონცერტო დარბაზი აშენდება. ამის შესახებ სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინანდლის მამულის განვითარების გენერალური გეგმაზე მუშაობს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისის სტუდია.
„ლეგენდარული არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს წინანდლის მამულის გენგეგმაზე, რომელიც მოიცავს ძველ პარკს, ბავშვებისთვის გამოყოფილ სივრცეს, ვენახების მიმდებარედ აპარტამენტებისა და სპა ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, რომელსაც კენგო კუმა ახალ საკონცერტო დარბაზთან ერთად აპროექტებს. კენგო კუმასთან ერთად წინანდალში ახალი პარკის დიზაინზე მუშაობს მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმირ ჯუროვიჩი. ეს ტანდემი აქ შედგება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია” – გიორგი რამიშვილი
ახალი ინფრასტრუქტურა სასტუმრო რადისონის მიმდებარედ მოეწყობა. თანამედროვე აკუსტიკური აღჭურვილობის მქონე 1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს სტუმრებს.
წარსულში წინანდლის ღია და დახურული საკონცერტო დარბაზების დიზაინი ცნობილ გერმანელ ინდუსტრიულ დიზაინერთან ინგო მაურერთან ერთად გაკეთდა. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ სილქ როუდ ჯგუფის პროექტებზე მუშაობის ტრადიცია გრძელდება და უნიკალური დიზაინის ახალი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაალამაზებს წინანდლის მამულს.