LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდლის ფესტივალს სილქნეტი მერვედ წარადგენს

111
სილქნეტი

3-13 სექტემბერს წინანდლის ისტორიული მამული მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც უკვე წლებია საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად მიიჩნევა. ფესტივალი, ტრადიციულად, სილქნეტის წარდგენით გაიმართება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს.

წინანდლის ფესტივალი წელსაც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს გააერთიანებს. ფესტივალს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახსნის. პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობითა და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი No. 1 და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერაზადა“.

დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:

„წლევანდელი ფესტივალი მასშტაბითა და პროგრამის მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამორჩეულია. ფესტივალში 300-ზე მეტი მონაწილეა ჩართული, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ასევე რეკორდულია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის მზარდ გლობალურ მნიშვნელობას. წინანდლის ფესტივალი არამხოლოდ კლასიკური მუსიკის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს, არამედ ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს კულტურებს შორის დიალოგისთვის და ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარებისათვის.”

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და ცხრა მეზობელი ქვეყნიდან აერთიანებს, წელს ოთხ კონცერტს გამართავს ფესტივალის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას, რაფაელ პაიარეს და ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის ხელმძღვანელობით.

გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი:

„წინანდლის ფესტივალის მისიაა სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარება, ასევე წინანდლის მამულის მდიდარი ისტორიის გაგრძელება. წელს წინანდლის ფესტივალი კვლავ გააერთიანებს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ნიჭიერ მუსიკოსებს. დღეს, როდესაც მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის გზავნილი კიდევ უფრო აქტუალურია. მოუთმენლად ველით ახალგაზრდა ტალანტების, გამორჩეული სოლისტების, დირიჟორებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კლასიკური მუსიკის მოყვარულების მასპინძლობას წინანდლის ისტორიულ მამულში.“

წლევანდელი ფესტივალი ქართველი მუსიკოსების მრავალრიცხოვანი მონაწილეობით გამოირჩევა. მე-8 სეზონს შეუერთდება თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი. კონცერტებს გამართავენ გიორგი გიგაშვილი და გიორგი მარდალეიშვილი. ამფითეატრის სცენა, ტრადიციულად, დაეთმობა ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“. ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, ანიტა რაჭველიშვილის, ნიკა ლაგვილავას, მიხეილ შეშაბერიძისა და ანა ფალავანდიშვილის მონაწილეობით. წლევანდელ სეზონს ქართველი პიანისტი დავით ხრიკული დახურავს.

წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მისიას – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას. სილქნეტი, როგორც ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი, ამ ტრადიციის გაგრძელებას უკვე მერვე წელია უზრუნველყოფს.

წინანდლის ფესტივალის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები