LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შემეცნებითი შეხვედრები: დავით ლორთქიფანიძის ლექცია

471
დავით ლორთქიფანიძე

National Geographic საქართველოსა და სილქნეტის ერთობლივი შემეცნებითი შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად საჯარო ლექცია აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ გამართა. „ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი – ინოვაციები ადრეულ მიწათმოქმედებაში: უახლესი მონაცემები საქართველოდან“ – ასე ერქვა თემას, რომელმაც 300-მდე სტუმარი შეკრიბა სასტუმროში „ტელეგრაფი“. 

ღონისძიება ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა, National Geographic Magazine – საქართველოს და კომპანია სილქნეტის ორგანიზებით გაიმართა.  

საჯარო ლექცია ეძღვნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უახლესი მულტიდისციპლინური კვლევის შედეგებს, რომელთა თანახმად, საქართველო არამხოლოდ ღვინის, არამედ, პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის კერაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (Proceedings of the National Academy of Sciences) გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ და დღეს მსოფლიო საქართველოს უპირობოდ აღიარებს ღვინის სამშობლოდ. ამავე ჟურნალში 2026 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა სტატია: პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა ნეოლითის პერიოდის სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში (An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus), რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა და, ასევე, 8000 წლის ისტორია აქვს. 

აღნიშნული საერთაშორისო, მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი ორივე შემთხვევაში აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე გახლდათ და მათში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, დანიისა და ისრაელის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

დავით ლორთქიფანიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მოუთხრო ქვემო ქართლში, კერძოდ გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე განხორციელებული აღმოჩენების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე დღეს საქართველოს მსოფლიო აღიარებს, როგორ პურისა და ღვინის კულტურის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს: „ეს არქეოლოგიური ძეგლები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აქ დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი რბილი ხორბლის და ამავე პერიოდის ღვინის კვალი. ახალი აღმოჩენა გვიჩვენებს, თუ რამდენად პროგრესულები იყვნენ ჩვენი წინაპრები – ისინი პირველ მიწათმოქმედთა შორის არიან და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ, თუ როგორი იყო ცხოვრება 8,000 წლის წინ“. – აღნიშნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა.

დავით ლორთქიფანიძემ ასევე განიხილა აღმოჩენების პრაქტიკული განზომილება, როგორც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური პოზიციონირების საშუალება, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანის და ტურიზმის სექტორის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ჟურნალი National Geographic საქართველო სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის ხელშეწყობით ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივა, რომელიც ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. შემეცნებითი შეხვედრების სერია კი, ახალი იდეების, აღმოჩენებისა და კვლევების გაზიარების სივრცეს ქმნის. საჯარო ლექციების ჩანაწერი ხელმისაწვდომია სილქნეტის ვიდეოთეკაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g