LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14-17 წლამდე მოზარდებისთვის, თბილისში დებატების სკოლა იხსნება

147
fortuna.ge (33)

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში „თბილისის დებატების სკოლა“ ახალი მოსწავლეების მიღებას აცხადებს.

რომელთაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა იმ შესაძლებობაზე, რომელიც დაინტერესებულ მოზარდებს მიეცემათ.

როგორც თინათინ ცერცვაძემ აღნიშნა სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

“თბილისში ახლა ვხსნით დებატების სკოლას. გვაქვს მიღება 14-17 წლამდე მოზარდების, რომელთაც არაჩვეულებრივი შანსი ეძლევათ ისწავლონ ეს პროგრამა საკმაოდ ხანგრძლივად. ეს არ არის ერთჯერადი გადამზადება. ეს არის რუდუნებით, ეტაპობრივად ამ ყველაფრის დასწავლა, გავარჯიშება.

ერთი სასწავლო წელი არის აუცილებელი, რომ ეს პროგრამა გაითავისონ. ჩვენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები მუდმივად ვმონაწილეობთ შეკრებებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ ორგანიზაციები მონაწილეობას და იქ არაჩვეულებრივი შედეგები გვაქვს.

ის, რომ შევძლოთ დავამუშაოთ მასალა, სწრაფად გავაანალიზოთ. შევქმნათ არგუმენტები მტკიცებულებაზე დაყრდნობით, შევძლოთ ისეთი ოპონირება, რომ პატივს ვცემდეთ ოპონენტს, ისეთი სახის გუნდურობა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით ვაღწევდეთ წარმატებას, დროში ვმართოთ ეს ყველაფერი – ეს არის ის მინიმალური, რომელიც ძალიან კარგად ისწავლება ჩვენი ტექნიკის და სასწავლო პროგრამის საშუალებით”,- განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული სწავლება ძალიან ეფექტიანია.

“ახლახან ჩავატარეთ კვლევა. ერთ-ერთი პროექტი – “ფუნდამენტური დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოიცავდა კვლევას, რომლითაც დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ხდება ისეთი ცვლილებები მოზარდებსა და ზრდასრულებშიც, რომელიც პიროვნულ დონეზეც კი აისახება მათი პოზიტიური განვითარების თვალსაზრისით.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც არის მოზარდებთან. მათთან გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფად მივაღწიოთ შედეგს, კარგად განვითარდნენ და სწავლებამაც ხარისხიანი შედეგი მოიტანოს, რასაც ჩვენ ყველაზე ხშირად ველით. ამიტომაც თუკი ჩვენ რაიმე გვინდა გავაძლიეროთ სწორედ მოზარდებში ამ კულტურის დანერგვა და ამ ტექნიკის სწავლებაა”, – განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში არსებულ დებატების კულტურაზეც.

“ცხადია, რაც კაცობრიობა არსებობს და საუბრობს, იქიდან მოყოლებული დებატები, კამათი და დაპირისპირება მუდმივად არის და ამხელა ცივილიზაციამ ეს დამოკიდებულება ასე ვთქვათ, ვერ შეცვალა. რამდენად არის ეს მოწესრიგებული, ეფექტიანი, საქმეზე ორიენტირებული ან რაიმე პოზიტივის მომტანი – ეს არის ის მთავარი შეკითხვა, რაც შეიძლება დებატებთან დაკავშირებით განვიხილოთ განსაკუთრებით პოლიტიკური ბატალიების დროს, როდესაც ტემპერატურა მაღალია.

კულტურულად ექსპრესიული საზოგადოება ვართ და ცხადია, რომ კამათი და ის, რომ ერთმანეთს რაღაც დავუსაბუთოთ ძალიან ხშირია ხოლმე. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად ხდება ეს ისეთი ცივილური სახით, როგორიც ჩვენ გვინახავს დასავლურ ევროპულ ქვეყნებში ან რამდენად ხდება იმ გამოცდილების, ცოდნის საფუძველზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ მან საჯაროდ ისაუბროს ან რაიმე დაასაბუთოს.

მე უფრო ასე დავსვამდი ამ საკითხს ჩვენს პოლიტიკოსებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისინი ხელის ცეცებით იწყებენ ხშირად.

ნიჭით, უნარით ვინც როგორ არის დაჯილდოებული, იმის მიხედვით გამოსდით ან არ გამოსდით ხოლმე ეს საქმე. დებატში იგულისხმება არა მხოლოდ დაპირისპირება, არამედ საჯაროდ გამოსვლაც, ამის ხარჯზე ცდის და შეცდომის მეთოდით სწავლობს თვითონ როდის და როგორ არის უკეთესი მოიქცეს, ისაუბროს ან გააკეთოს.

ამ დროს, სინამდვილეში მრავალი წელია არსებობს აკადემიური ფორმა, რომელსაც საქართველოში 20 წელზე მეტია რაც ვნერგავთ და ჰქვია – დებატების სასწავლო პროგრამა. უკვე მოზარდებშიც ისწავლება ხოლმე.

ალბათ, გაჩდება კითხვა, თუ ამდენი ხანია ვასწავლით, როდის უნდა დავინახოთ შედეგი – სამწუხაროდ, ამას მხოლოდ ჩვენ, ერთი ინსტიტუცია, სწავლება ვერ უშველის. ბევრი რამ სისტემურად უნდა შეიცვალოს და ისე აეწყოს ყველაფერი, რომ ორიენტირებული იყოს კონსტრუქციულ მსჯელობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ დასაბუთებაზე. ამიტომაც არის, რომ დიდი ძვრა ვერ მოვახდინეთ. ჩვენ რაღაც ერთი მიმართულებით მივდივართ, ამ ტექნიკას ვასწავლით, ვავითარებთ ახალგაზრდებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან გვერდიდან გამამყარებელი ფუნდამენტი ჩვენ არ გვაქვს საგანმანათლებლო სისტემაში”,- აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g