საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთოთხმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:
- Argonaut – ინდუსტრიული ხასიათის კვლევითი ტექნოლოგია პროფესიონალი მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რომელიც მოიცავს კვლევითი ინსტრუმენტის შექმნის, საველე სამუშაოების მართვის, ხარისხის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციის, მონაცემების გაწმენდისა და საბოლოო მონაცემების ანალიზის ინტეგრირებულ პროგრამას.
- Quissly – სტარტაპი, პერსონალიზებული პროდუქტების საძიებო სისტემით, ონლაინ მაღაზიებს ეხმარება გაზარდონ კონვერსია და შესაბამისად გაყიდვები. ტექნოლოგია ითვალისწინებს სრული კატალოგის ყველა ატრიბუტს, მათ შორის ნებისმიერ ენაზე ტექსტურ აღწერებს, მეტადატასა და სურათებს.
- Paywise – ALL-IN-1 სახელფასო და გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმა, რომელიც გაგიმარტივებთ სახელფასო გადახდის პროცესსა და საგადასახადო ანგარიშგებას ერთი ფანჯრის პრინციპით.
- BetterStep – სტარტაპი, ბიომეტრიული tech-wear-ით, AI-ითა და კლინიკებთან პარტნიორობით, ეხმარება მომხმარებლებს მავნე დამოკიდებულებების (ნარკო, ალკო, ქცევითი და სხვა) დაძლევაში – პერსონალიზებული, სამეცნიერო მეთოდებითა და გემიფიკაციით.
- Skrib – ერთიანი შემოქმედებითი სამუშაო სივრცე, რომელიც აერთიანებს დაფის შეუზღუდავ თავისუფლებას, პროფესიონალური წერის პროგრამის სტრუქტურას და კონტექსტზე მორგებულ AI ასისტენტს, რაც მწერლებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი ხარისხის ნაწარმოები უფრო სწრაფად.
- MediMind-AI – პლატფორმა ეხმარება ექიმებს გაიდლაინებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, აჩქარებს დოკუმენტაციის მომზადებას, ახდენს კონსულტაციების ტრანსკრიფციას და უზრუნველყოფს მყისიერ წვდომას სამედიცინო კვლევებზე.
- Amblify – მხედველობის თერაპიის დისტანციური კურსი, რომელიც იყენებს 3D გამოსახულებებს თვალისა და ტვინის სტიმულირებისთვის, რაც ეხმარება ზარმაცი თვალის და თვალის კომპიუტერული დაძაბულობის სინდრომის (DES) მქონე პაციენტებს მხედველობის ეფექტურად აღდგენაში, კლინიკაში ხშირი ვიზიტების გარეშე.
- Phytotester – ინოვაციური, AI-თან ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც მცენარის ბიოელექტრულ სიგნალებზე დაყრდნობით ახდენს ნერგების, თესლისა და სამყნობი მასალის სიცოცხლისუნარიანობის არაინვაზიურ, ზუსტ და სწრაფ შეფასებას.
- Forma Technologies – სტარტაპი აერთიანებს მობილურ აპთან სინქრონიზებულ უხმო Walking-Pad-ს, რომელიც ოფისში სიარულს გუნდურ თამაშად გარდაქმნის.
- Deeprank AI – სტარტაპი უზრუნველყოფს კომპანიების ხილვადობას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების საძიებო სისტემებში, როგორიცაა ChatGPT, Gemini, Deepseek და სხვა.
- WashyWashy – „Uber, მაგრამ მანქანის რეცხვისთვის“ – მანქანის უწყლო გარეცხვის სერვისი გამოძახებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს მანქანის სისუფთავეს და ზოგავს წყალს.
- Vireo – სტარტაპი ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ დაბალ რესურსულ ენებზე. კომპანიებს შეუძლიათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მიბმა, სისტემა ამ მასალას გარდაქმნის ცოდნის ბაზად, რომელიც გამოიყენება მომხმარებელთან კომუნიკაციისას.
- PayZen – პირველი მობაილ აპლიკაცია, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს სხვადასხვა ბანკების პოს-ტერმინალებს. აპლიკაციის გამოყენება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესებს.
- Focus Verify – ადამიანის იდენტიფიცირების დისტანციური სერვისი, რომელიც შექმნილია კომპანიებისთვის, მომხმარებლის Onboarding-ის დროისა და ხარჯების შესამცირებლად.
- Healo – ციფრული პლატფორმა, რომელიც ცვლის ტრადიციულ ფსიქოთერაპიულ მომსახურებას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ონლაინ მიიღონ ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და კავშირი ჰქონდეთ AI თერაპევტთან, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა გარემოებაში გაუწევს თერაპიულ მომსახურებას.
- Clinovas – AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც კლინიკური კვლევებისთვის პაციენტების შერჩევას ამარტივებს და აჩქარებს.
- Hoppla – პლატფორმა საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან აკავშირებს. ჰოპლას მთავარი მიზანია საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება მაქსიმალურად კომფორტული, ხელმისაწვდომი და სახალისო გახადოს.
- Klics – სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის eCommerce ბრენდებს გაყიდვების 15%-ით გაზრდაში პერსონალიზებული მარკეტინგული თამაშების, პოპაპების და პროგნოზირებადი AI რეკომენდაციების მეშვეობით საკუთარი მომხმარებლის მონაცემებსა და კონკურენტების ანალიზზე დაყრდნობით.
- Terratend Robotics – ჭკვიანი აგრორობოტები მცირე და საშუალო ზომის ფერმებისთვის, სადაც ტრადიციული მძიმე ტექნიკა არაეფექტურია ან ეკონომიკურად გაუმართლებელი.
- AurumChain (AURC) – სტარტაპი ქმნის ოქროთი უზრუნველყოფილ „სტეიბლკოინის“ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადრეული ეტაპის საბადოებს გლობალურ ინვესტორებთან.
გამარჯვებულები საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით: მარვინ ლიაო, ბილ რაიჰართი, გვენ ედვარდსი, ბრეტ ვოთერსი, ზაზა ფაჩულია.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.