ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია ერთ-ერთ „ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს.
დღევანდელი მსოფლიო ინფორმაციულად ისეთი ღია და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია (ფიქრმისაწვდომიც და გრძნობამისაწვდომიც), რომ ბავშვებისათვის რაღაცის აკრძალვას და, მითუმეტეს, დამალვას არავითარი აზრი არ აქვს. მაინც ყველა ყველაფერს ნახულობს და კარგად თუ ავად შეიმეცნებს. ინტერნეტმა აკრძალვასა და დამალვას ყოველგვარი აზრი დაუკარგა.
უზნეობისა და ბოროტი განზრახვის მეტ-ნაკლები პრევენციის (სრული პრევენცია არ არსებობს, სამწუხაროდ) ერთადერთი შესაძლებლობა მართებული აღზრდა და ბავშვებში (გაზრდილებს, გამონაკლისთა გარდა, რაღა ეშველებათ…) ღირებულებათა შესაფერისი სისტემის ჩამოყალიბებაა.
რაც არ უნდა ნახო, ან გაიგონო (ისე, ასეთი აკრძალვაც ძალიან პირობითია), იმას ცხოვრება დაგანახვებს და გაგაგონებს, მაგრამ მთავარი ის იქნება, შენს არჩევანს რა განაპირობებს – რას იფიქრებ, რას იგრძნობ და როგორ მოიქცევი.
უვიცები, დილეტანტები და აგრესიული დემაგოგები ბავშვთა ცნობიერების წინ “ჩინური კედლის” აშენებას ითხოვენ და ყველასა და ყველაფერს (ხშირად ღმერთის სახელით, რომელთანაც არაფერი ესაქმებათ) ანათემას გადასცემენ. მათი გზა არასწორი და უშედეგოა.
მხოლოდ სიკეთის, სიყვარულისა და ღირსების გავრცელებაა გზა, რომელმაც შეიძლება რაციონალურ შედეგთან მიგვიყვანოს. ამაზე სახელმწიფომაც უნდა იფიქროს, საზოგადოებამაც, ოჯახმაც და სკოლამაც.
ახლა ფიქრობენ?
ნაკლებად.
აკეთებენ რამეს ამ მიმართულებით?
უფრო ნაკლებს.
“არ მივუშვათ!” – არ შველის.
“ვაჯობოთ!” – ეს არის მთავარი სათქმელი და გასაკეთებელი.