LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 – 22 დეკემბერს თბილისში გაიმართება კონცერტების ციკლი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“

216
კლასიკური-მიუსიკა

კლასიკური მუსიკის ცენტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“, რომელსაც 18-22 დეკემბერს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

კონცერტების ციკლს 18 დეკემბერს ცნობილი იტალიელი პიანისტი, ალექსანდრ გაჯიევი გახსნის.

20 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგებიან კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე), არიელ ცუკერმანის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ევა რაბჩევსკა (ვიოლინო) და არიელ ცუკერმანი (ფლეიტა).

22 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც საავტორო პროგრამას შეასრულებს.

კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში (რუსთაველის #7), კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, ახალი ჯგუფური გამოფენა „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“ გაიხსნება.

ექსპოზიცია წარმოაჩენს სრულიად განსხვავებული ხედვებისა და საქმიანობის არტისტებს, რომელთაც მხოლოდ ხელოვნება აერთიანებთ. ლანა ღოღობერიძე, ნატო სირბილაძე, ემა ზარაფიშვილი-ხუციშვილი და ჯული რობაქიძე – არც ერთი მათგანი არ მიეკუთვნება პროფესიულ მხატვართა ჯგუფს თუ სკოლას, მათთვის ხელოვნება ყოველდღიურობაა. ისინი ქმნიან პრიმიტივისტულ და ზოგჯერ უკიდურესად ინდივიდუალისტურ ხელოვნებას, რასაც ამ სფეროში “Outsider Art“-ს უწოდებენ.

მსოფლიოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატარებლად წარმატებით იყენებენ არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, ისეთებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები და ქარხნები, მუზეუმებისა და გალერეების დარბაზები, ბიბლიოთეკები და ა.შ., რაც, ერთი მხრივ, ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მსმენელთა უფრო ფართოდ მოზიდვას – საზოგადოების იმ ფენებიდანაც, რომლებიც იშვიათად დადიან ტრადიციულ საკონცერტო დარბაზებში.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ოფიციალური მასპინძელი: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

მხარდამჭერები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; საინფორმაციო სააგენტო GHN; AT.ge.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: www.biletebi.ge

magti 5g