18 ნოემბერს აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა განიხილა. დაკავებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, ნაწილს კი ჯარიმა შეეფარდა. დაკავებულების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. იურისტების თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება სათანადო მტკიცებულებების გარეშე მიიღო. დაკავებულების ახლობლები, განაჩენს პოლიტიკურად მიიჩნევენ.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს ირაკლი ნადირაძეს 13-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ირაკლი ნადირაძისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტა. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ისინი საკრებულოს არც ერთ სხდომას და სამუშაო განხილვას არ დაესწრებიან.
დაკავებულები სხვადასხვა ქალაქების წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორში, ხოლო ზუკა ბერძენიშვილი რუსთავის იზოლატორში მოათავსეს. ბრალდებულები მარნეულსა და მცხეთაშიც არიან გადაყვანილი. დაკავებულების უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი ამ გზით სასამართლო პროცესსა და იზოლატორთან შეხლა-შემოხლის თავიდან აცილების მიზნით სიტუაციას განარიდეს.
ზუკა ბერძენიშვილი, რომელიც რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ მოინახულა. ადვოკატის განმარტებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამომძიებელს დაკავების დროს მასზე ფიზიკური ზეწოლისა და შეურაცხყოფის შესახებ ჩვენება მისცა.
„ზუკა ამბობს, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებმა ორჯერ დაარტყეს ზურგის არეში და ამასთან დაკავშირებით მივეცით დეტალური ჩვენება”, – აღნიშნა გიორგი მახარაძემ. მისივე განმარტებით, გამოძიება სპეცრაზმელების მიმართაც დაიწყო.
დაკავებულების გამამტყუნებელი განაჩენი ასეთია:
ირაკლი ნადირაძე – პატიმრობა 13 დღე.
დიმიტრი ბიძინაშვილი – პატიმრობა 3 დღე.
ბექა ბასილაია – პატიმრობა 13 დღე.
გიგა მაქარაშვილი – პატიმრობა 12 დღე.
ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა 12 დღე.
ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა 7 დღე.
ირაკლი კაჭარავა – პატიმრობა 4 დღე;
დავით მჟავანაძე – პატიმრობა 4 დღე.
გიორგი ბუნტური – პატიმრობა 5 დღე.
ლუკა ჭიჭინაძე – პატიმრობა 5 დღე.
გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი.
პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა.
18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილზე მიიღო, დანარჩენი 25 პირის პროცესები კი ეტაპობრივად გაიმართება.