LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის გმირი აფხაზეთის ომიდან – “ბაბუშერას აეროპორტში აფეთქდა…მამა 4 წელი ეძებდა – მას ძალიან ბევრი ოცნება ჰქონდა…”

454
აფხაზეთი

27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი. აფხაზეთიდან 300 ათასზე მეტი ადამიანი გააძევეს. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო.

პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი.

ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა.

დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.

მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა, გვინდა, გიამბოთ გმირ გოგონაზე, ლილი თაკვარელიაზე.

?შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი; 1993 წლის 22 სექტემბერს, იმ საბედისწერო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთში, ალმოდებულ სოხუმში მიფრინავდა, რუსული საბრძოლო ხომალდიდან გასროლი ყუმბარა ბაბუშერას აეროპორტში, შუაზე გაიპო და ცეცხლი მოედო. ლილიმ, ცეცხლმოკიდებული ლაინერიდან ამოსვლა ვერ შესძლო და 95 ადამიანთან ერთად, რომელთა შორის, ქართული საბრძოლო შენაერთების მებრძოლები იყვნენ, დაიღუპა…

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფიელბას აქვს ყოველკვირეული რუბრიკა”ერთი გმირის ისტორია” სადაც სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპული მეომრების შესახებ წერენ.

ლილის ისტორია, სწორედ მათ გვიამბეს…

 

რატომ გადაწყვიტა 19 წლის გოგონამ ომში წასვლა

 

სასიკვდილოდ განწირულ ქართველი მეომრებს უნდა მიშველებოდა… იცოდა, რომ თავადაც ნაკლებად ჰქონდა გადარჩენის შანსი, რადგან განახლებულ ომში, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ ქართულ ჯართან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უნდა შებმოდა…

 

ლილი თაკვარელია – ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

 

?გელა ათაქიშვილი ვიცე-პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი 28 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს:

“ერთ დღეს, ჩვენი შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში, მამაკაცი მისულა, ჩემს 19 წლის ქალიშვილს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და იქნებ, რამე სამსახური გამოუძებნოთო… ასე მოიყვანეს შინაგანი ჯარების კინოლოგიის განყოფილებაში ძალიან ლამაზი და ენერგიული გოგონა – ლილი თაკვარელია. იმ დროს, ქალების სამხედრო სამსახურში მიღება და დასაქმება ხშირი მოვლენა არ იყო…

მახსოვს, არც ლილის მამას, ბატონ გივის უნდოდა, მისი შვილი საომარ პროცესებში ჩართულიყო… ნერვიულობდა. გოგონას ჩვენი ხელმძღვანელობაც უფრთხილდებოდა და ცდილობდა, რთული და სახიფათო დავალებები არ მიეცა მისთვის… ეს იყო 1993 წელი…

ძალიან მალე ლილი, პროფესიონალი კინოლოგი გახდა. ერთხელ, თბილისის ზოოპარკიდან მაიმუნი გაიპარა. შესაბამისმა სამსახურებმა, მომთვინიერებლის პოვნამდე, ლილის სთხოვეს, დაგვეხმარეთო. მან, ცხოველი, ძალიან მალე იპოვა და გალიაში დააბრუნა…

ლილის და მის თანამშრომელს, სომეხი ეროვნების ბიჭს, ერთმანეთი შეუყვარდათ; როცა ეს ბიჭი, თავისი სპეციალობით, აფხაზეთში გაუშვეს, ლილი ძალიან განიცდიდა, მასზე ნერვიულობდა, სულ მასთან ყოფნას ცდილობდა. მათ შორის, ომშიც… თუმცა, ხელმძღვანელობა ამის უფლებას არ აძლევდა, რადგან გოგონა, საბრძოლო მოქმედებებში, გამოუცდელი იყო.

ბევრს მუშაობდა თავის თავზე.. მახსოვს, ტირშიც კი დაიწყო ვარჯიში და იმდენად კარგად ისროდა, ბევრ მამაკაცს არ ჩამოუვარდებოდა…

ხვდებოდა, რომ აფხაზეთში ვითარება დღითიდღე იძაბებოდა და უარესდებოდა და აფხაზეთის დაცვაში თავისი წვლილის შეტანა სურდა… სოხუმიდან უკვე ცუდი ხმები ისმოდა. გახსოვთ, ალბათ, 16 სექტემბერს „სოჭის სამშვიდობო შეთანხმება“ დაირღვა და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. ლილიმ, მაშინ სამხედრო ხელმძღვანელობას რამდენჯერმე სთხოვა სოხუმში გაშვება, მაგრამ კვლავ უარი უთხრეს…

მისთვის, მთავარი, სოხუმში ჩასვლა იყო! ალბათ, ამიტომაც წავიდა 22 სექტემბერს, თანაც ისე, რომ არც მშობლებისთვის და არც ახლობლებისთვის, არაფერი უთქვამს. არადა, ჩვენ, წინა დღეს გავფრინდით და გვთხოვა, წამიყვანეთო. უარი ვუთხარით.

კარგად ისროდა, მაგრამ ომი მხოლოდ სროლა ხომ არ არის, პრაქტიკული გამოცდილებაა საჭირო. შეგვეცოდა, ომის უბედურებისთვის ვერ გავიმეტეთ… ერთი სიტყვით, ეს გაფრენა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – თვითმფრინავს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსული კატარღიდან ყუმბარა ესროლეს; მფრინავმა მაინც მოახერხა ალმოდებული თვითმფრინავის დასმა, თუმცა, ლაინერი შუაზე გაიპო.. 20-მდე ადამიანი გადარჩა, 95 კი, მათ შორის ჩვენი ლილიც – ლაინერში ჩაიწვა… ასე დასრულდა ამ ძალიან ლამაზი, სათნო და კეთილშობილი გოგონას სიცოცხლე, რომელსაც ძალიან ბევრი ოცნება ჰქონდა…”

?გოჩა ბაქრაძე – აფხაზეთის ომის ვეტერანი, ლილი თაკვარელიას მეგობარი – “ლილი სულით მეომარი იყო, მიზანში შესანიშნავად ისროდა – მამაკაცებს ტოლს არ უდებდა, ჯარისკაცებთან ერთად, ნორმატივებს აბარებდა, სჯობნიდა სულ ყველას… გოგო იყო, მაგრამ, უფრო ვაჟკაცური თვისებები ჰქონდა; ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები უყვარდა, თვითონ გერმანული ნაგაზი ჰყავდა.

როცა მამამისმა, გივიმ ჩვენთან მოიყვანა, კინოლოგიის სამსახურის უფროსთან, ედუარდ ჩარუხჩიანთან მივიყვანეთ და მასთან დაიწყო მუშაობა კინოლოგად. ურთიერთობაში ძალიან ლაღი იყო, მეგობრული, ამავდროულად, თავმდაბალი; თავისი საქმე ძალიან უყვარდა.

სულ სამხედრო ფორმით დადიოდა, განსაკუთრებით უყვარდა ფორმა. ჩვენთან, სხვადასხვა განყოფილებაში, სხვათა შორის, 70-მდე ქალბატონი მუშაობდა, ბევრი მათგანი ოფიცერი იყო, მაგრამ არც ერთს, ლილის გარდა, სამხედრო ფორმა არ ეცვა..

ლილის, ფორმა მოსვლის წამიდან არ გაუხდია. დედა რუსი ჰყავდა, ამიტომ რუსულსაც კარგად ფლობდა… კინოლოგიის განყოფილებაში, ლილისთან ერთად, ერთი სომეხი ეროვნების ბიჭი მუშაობდა, აბო (ალბერტ) ჩედილიანი, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.

ამასობაში, აფხაზეთში, ომიც დაიწყო. 1993 წლის ივლისში, ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმის შემდეგ, ჩვენს ნაწილს შემოუთვალეს, რომ ჯარს დახმარება სჭირდებოდა და ჩვენი შენაერთიდან, 100 კაცი, მათ შორის, კინოლოგებიც, გაეშურნენ სოხუმისკენ.

ლილიმ კვლავ მოინდომა წასვლა, თუმცა, უფროსობისგან ისევ უარი მიიღო. ჩვენი მეთაური მაშინ ზაურ დოლიძე გახლდათ. როცა ჩვენი შენაერთის ბიჭები თვითმფრინავში ავიდნენ, ლილიმ თქვა, გავაცილებო, ბორტზე აჰყვა მათ, საპირფარეშოში შევიდა და ჩაიკეტა – იქნებ, ვინმეს არ შეემჩნია და ჩუმად გაპარულიყო ფრონტზე.

მაგრამ ჩვენი მეთაური მიუხვდა ლილის განზრახვას, ტუალეტის კარი გარედან გააღებინა პილოტს და თვითმფრინავიდან ჩამოიყვანა… ის ნაკადი ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა ომიდან, მათ შორის, ლილის შეყვარებულიც…

ლილი არც მეორე ასკაციან ნაკადში მოახვედრეს, რომელშიც მეც ვიყავი და რომელიც აფხაზეთში, პირველი ნაკადის დაბრუნების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში წავიდა, რაზედაც ძალიან გული დასწყდა, გაბრაზდა – მე ომში მინდა წასვლა, თქვენ კი ამის უფლებას არ მაძლევთო, განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუმცა, არც ფორმა და არც სამხედრო მოსამსახურის წიგნაკი არ ჩაუბარებია… არც ოჯახს და არც მეგობრებს არ უთხრა, ისე წავიდა აეროპორტში, სადაც იდგა თვითმფრინავი, რომელსაც, უკვე, ალში გახვეულ სოხუმში, სხვადასხვა შენაერთების მებრძოლები უნდა წაეყვანა…

ლილის ფორმა ეცვა, ავიდა ბორტზე და არავის გასჩენია კითხვა, ვინ იყო იგი.. ეს იყო 1993 წლის 22 სექტემბერი… საბედისწერო დღე ლილისთვის და მთელი ქვეყნისთვის..

ალმოდებული ხომალდიდან, ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრთა მცირე ნაწილმა, მოახერხა ამოსვლა, თუმცა, 95 ადამიანი, მათ შორის ჩვენი ლილიც თვითმფრინავში ჩაიწვა… დამწვარი ცხედრები ამოიყვანეს და იქვე, სახელდახელოდ გათხრილ სამარხებში ჩაასვენეს….

რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონი გივი, ლილის მამა მოვიდა ჩვენთან და შვილს ეძებდა; მეთაურმა უთხრა, რომ განცხადება დაწერა, წავიდა სამსახურიდან და მასზე არაფერი ვიციო. ბატონი გივი გვირაბების სპეციალისტი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თურმე, უკრაინაში, რუსეთში და კაზაკებთანაც.. თან მეუღლე რუსი ჰყავდა და დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა…

როცა ქალიშვილს ვერსად მიაგნო, მიხვდა, რომ ომში გაიპარებოდა (მერე თავად მომიყვა, ჩვენ დავმეგობრდით); ერთი ოცი კაცი – მათ შორის კაზაკებიც წამყვნენ და მთელი აფხაზეთი მოვიარეთ, რომ იქნებ სადმე მიმეგნო შვილისთვის; მეც კაზაკების ფორმა მეცვაო.. მთელი აფხაზეთი სოფელ-სოფელ შემოვიარე, ყველგან ვკითხულობდი, სადმე ახალგაზრდა გოგო ხომ არ დაღუპულა, ან ხომ არ მოუკლავთო… ლილის შეყვარებული მოსკოვში იყო, მასაც კი დაუკავშირდა, თურმე, მაგრამ მან უთხრა, რომ ლილი არ უნახავს…

… ამ ძიებაში 4 წელი გავიდა.. 4 წლის შემდეგ, აფხაზებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამარხები გაიხსნა და დაიწყო ნეშტების ამოცნობისა და გადმოსვენების პროცესი… ერთ-ერთ ცხედარს, უპოვეს პლასტიკური ბარათი – დროს და ბუნებას, ფაქტობრივად, ყველაფერი გაენადგურებინა, მხოლოდ ძვლები იყო დარჩენილი, თუმცა, შემორჩენილიყო სამხედრო ფორმის ნაგლეჯები და პლასტიკური ბარათი, რომელზედაც გვარი ’’თაკვარელია’’ უკვე ბუნდოვნად იკითხებოდა, მაგრამ გივი ერგემლიძის – ჩვენი შტაბის უფროსის ხელმოწერა და ჩვენი ნაწილის ნომერი 2055 კარგად განირჩეოდა.

უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ლილის ნეშტი იპოვნეს.

მეთაურმა მე და ჩემი ნაწილის ჯარისკაცი გამოგვიძახა და მორგში გაგვაგზავნა, რათა ვითარებაში გავრკვეულიყავით… როგორც კი დავხედე ამ ძალიან ლამაზი გოგონას ნეშტს, რომელიც ფაქტობრივად, უკვე ძვლებიღა იყო, აქა- იქ შემორჩენილი ქსოვილის ნაწილებით, უმალ მივხვდი, რომ ლილი იყო! სპეციფიკური სახის მოყვანილობა ჰქონდა, ლამაზი…თან, მე, პროფესიით მხატვარი ვარ და სხვანაირი ხედვა მაქვს ადამიანის პორტრეტის; დედამისი მოვიდა და როგორც კი დახედა, წამსვე იცნო თავისი შვილი!

ცუდად გახდა ქალი, ტკივილისგან გონება დაკარგა.. აღარ მინდა გახსენება, რა უბედურებაც იქ ტრიალებდა.. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი იყო გასული, ოჯახს მაინც ჰქონდა იმედი, რომ ლილი სადღაც ცოცხალი იქნებოდა…

…სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს…
ლილის შეყვარებული, აბო, რომელიც აფხაზეთში, როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენი ნაწილიდან წასულ პირველივე ნაკადში იყო და ერთი თვის შემდეგ, ანუ აგვისტოს დასაწყისში, უკან დაბრუნდა, მეტად ომში აღარც წასულა; სამხედრო სამსახური დაასრულა და სამუშაოდ და საცხოვრებლად, მოსკოვში წავიდა; იქ ცხოვრობდა, იქვე დაოჯახდა და 2016 წელს, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა…

 

ლილი თაკვარელია – ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

 

… რამდენჯერმე დაიწერა პრესაში ლილი თაკვარელიას ისტორია- თითქოს, იგი, ომში, მისი შეყვარებულის გამო წავიდა… პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დესანტი რომ გადმოსხეს ივლისში რუსებმა, ჩვენი ნაწილიდან, 100 კაცი წავიდა, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაწილი არ იყო მცირე.

100 კაცის მოხსნა ჩვენი შემადგენლობისთვის, რომელიც საკმაოდ ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, არ იყო ადვილი საქმე. ჩვენი შენაერთის კონტიგენტი არ ეყო და ავტოპარკის და ე.წ. ძაღლსაშენის ხალხიც დაუმატეს . სწორედ ამ ძაღლსაშენში მუშაობდა ლილის შეყვარებული აბო, რომელიც ჩვენი შენაერთიდან, აფხაზეთში მიმავალ,პირველ ნაკადში მოხვდა.

ლილის, მაშინ, მართლა უნდოდა აბოსთან ერთად წასვლა, აკი გითხარით, რომ ლაინერის ტუალეტშიც კი დაიმალა, მაგრამ ჩვენმა მეთაურმა – ზაურ დოლიძემ, იპოვა და ჩამოიყვანა ბორტიდან. ასე, რომ, ლილი მაშინ, აბოსთან ერთად ვერ წავიდა; ხოლო როცა უკვე აბო დაბრუნდა ერთი თვის შემდეგ, მან სამსახური დაასრულა, დატოვა შინაგანი ჯარი და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ლილის შეეძლო, მას გაჰყოლოდა, მაგრამ მან საყვარელ ადამიანთან ყოფნას, პირად ბედნიერებას, სამშობლოს სამსახური არჩია და ომში გაიპარა იმ დროს, როცა სოხუმი ცეცხლის ალში იყო გახვეული და განწირული…

აი, ესაა სწორედ, გმირობა- როცა სასწორის ერთ პინაზე პირადი ბედნიერება გიდევს, მეორეზე კი- სამშობლო, შენ კი დაუფიქრებლად მეორეს ირჩევ! როცა სამშობლოს სიყვარულისთვის, პირად ბედნიერებაზე ამბობ უარს! მიდიხარ შენი სამშობლოს დასაცავად და სიცოცხლეს სწირავ მისთვის! ეს ქალს კი არა – ბევრ კაცს არ შეუძლია! ამ პატარა გოგონამ კი ეს შეძლო! ამიტომაცაა ის გმირი, ნამდვილი გმირი!”

? ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურმა, ლილი თაკვარელია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენზე წარადგინა. პრეზიდენტს, ჯილდოს მინიჭებაზე, ხელი უკვე მოწერილი აქვს, თუმცა, დოკუმენტი დღემდე, კვლავ სამსახურში ინახება…

ლილის მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. ძმა კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობს… სამწუხაროდ, არავინ დარჩა, ვისაც ამ ჯილდოს გადავცემთ…

 

 

პოპულალურები