პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო ცვლილებები წარმოადგინა.
ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს.
ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია, ინიშნება შს მინისტრად. მინისტრი ამავადროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.
შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება.
ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აპარატი და მინისტრის პოსტს მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.
პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.