“2 დღე რომ დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი, მერწმუნეთ, აღარ იქნებოდა”, ამის შესახებ აკადემიკოსმა გიორგი ჩახუნაშვილმა კლინიკა „ვივა-მედთან” ჟურნალისტებს განუცხადა.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნება არის ძალიან ცუდად. მოსახლეობამ ვერ გაითავისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, ამის გამო არის მოთავსებული აქ. შემდგომი სვლები რა უნდა იყოს, პირველი, სასწრაფოდ უნდა დაჩქარდეს მისი კვლევა, პარალელურ რეჟიმში უნდა ჩამოდიოდეს ექსპერტთა ჯგუფი საზღვარგარეთიდან და უნდა იყოს რეანიმაციული ვერტმფრენი მომზადებული, რომ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
ყველას მოგმართავთ, ადამიანი არის ძალიან მძიმედ, ახლა არ ვიცი კლინიკის შიგნით რას იტყვიან და როგორ ჩვენი კოლეგები, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილი რომ აღარ არის, კადრებშიც ხომ დაინახეთ. როგორ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილს ორი სიტყვა არ ეთქვა ხალხისთვის. ვნახოთ, რას გვეტყვის ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევები. ახლა არის სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლა, რომელიც უნდა მოვიგოთ. 2 დღე რომ დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი, მერწმუნეთ, აღარ იქნებოდა”, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა-მედში“ დღეს გადაიყვანეს.