ტიტულოვანი პარასპორტსმენი, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რუბრიკის, „დაუვიწყარი ემოციის“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.
სპორტსმენმა გადაცემაში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გაიხსენა და ასევე ისაუბრა ემოციებზე, რომელიც საკუთარი დიაგნოზის მიღებას ახლდა თან.
„მაშინ ვიყავი 18 წლის, დამიდგინდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, თუმცა იყო სწრაფად მზარდი და იყო გულ-მკერდის არეში. იმდენად დიდი იყო და იმდენად დაგვიანებული იყო სხვა მანიპულაციები, ოპერაციის შემდეგ ჩემი შედეგი იყო ეტლი და პარაპლეგია.
საბოლოო ჯამში, მამაჩემმა მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ის საქართველოში იყო და ჩუმად უთხრეს: „ფეხზე ვერ გაივლის, მაგრამ იცოცხლებს და შენ გადაწყვიტეო“ და მამაჩემმაც გადაწყვიტა, რომ მეცოცხლა…
2 წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, იმდენად მძიმედ განვიცადე… საშინლად აუტანელი შეგრძნებაა, ტკივილია, რომ ხვდები, ჯანმრთელი ადამიანი, სიფრიფანა გოგო, რომელსაც სიცოცხლე, მოძრაობა გიყვარს, არ ჩერდები და უცებ ვეღარ მოძრაობ“, – ამბობს ირმა ხეცურიანი.
