„20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან მხოლოდ დედის გინებას იმსახურებენ. როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს – ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში „ზონდერების“ მხრიდან,“- ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხვალ, მის საქმეზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ძიუდოისტების ცემის ამბავი აბსოლუტურად აბსურდია. როგორც უგულავამ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ის არ გამორიცხავს, რომ კიდევ დააკავონ.
მისი შეფასებით, სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, სადაც უამრავი კამერაა, მაგრამ უგულავას სიტყვებით, მოსამართლემ არც ინება კამერების ამოღება მაშინ, როცა კამერები, რომ ამოეღოთ დავინახავდით, რომ იქ მათ მესამე ადამიანი ახლდათ, რომელიც ყველაფერს იღებდა, რომელიც შევიდა აეროპორტის უსაფრთხოების ოთახში, მაგრამ ეს ყველაფერი მოსამართლემ არ ამოიღო.
„ჩემთვის სრულიად უდავოა, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის 20 ივნისის გაგრძელება. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი. ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა მისი მისამართით 20 ივნისის ღამეს – არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ ამით,“- განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ 126-ე მუხლი ამნისტირებულია, ოღონდ ამნისტია შეეხება პირს თუ დაზარალებული არის მომხრე – ანუ, როგორც უგულავამ აღნიშნა, „ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი კიდევ იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბატონი გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ ვცემე.“
„მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია – ის მე დამესხა თავს, დამესხა დავალებით, დავალების მიმცემი იყო სუს-ი და სუს-ის დავალების მიმცემი იყო ივანიშვილი. ნუ ეგონება ნურავის, რომ იქ ვიღაც “ნაციონალის” ცემა შესაძლებელია და პირიქით, არა. თქვენი წყალობა თქვენვე დაიტოვეთ, ხვალ შეიძლება მოსამართლემ გააგრძელოს ეს საქმე, რაც უნდა ის მოუსჯია, არ მაინტერესებს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი აზრით, ეს საქმე გაიხსნება და გამოჩნდება ივანიშვილის და მისი ოჯახის რეალური სახე. როგორც პოლიტიკოსმა თქვა, ის სპეკულაციებში არ შევა. უგულავას თქმით, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის.“
მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ ეს საქმე ცდილობენ ამნისტიით ჩაფარცხონ. უგულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მოუწევს ამ საქმეზე პასუხისგება არა 126-ე მუხლით, არამედ სხვა უფრო მძიმე მუხლებით, იმ მუხლებით, რომლის გამოყენებაც მათ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უყვართ.
„ჩემს კოლეგებსაც მინდა ვთხოვო ოპოზიციიდან, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მართლმსაჯულების რაიმე რეფორმა ივანიშვილის პირობებში განხორციელდეს – ეს არის შეუძლებელი, ეს არის ოქსიმორონი.
ივანიშვილი სასამართლოს და პროკურატურას არასდროს არ დათმობს. ივანიშვილი არის პოლიტიკური პრობლემა ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას, სხვანაირად სასამართლო არ განვითარდება – ამ სასამართლოს ბაყბაყ დევი აზის და სანამ აზის ის იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.