LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

404
მირიან კუკავა

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g