თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მდგრადი მუნიციპალური მომსახურების მართვის საკითხებზე რეგიონული სემინარი მიმდინარეობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს.
სემინარი ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული სემინარის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
„ჩვენ ევრობანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, რადგან ისინი, როგორც ფინანსირების საკითხებში, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით გვეხმარებიან. მომავალ წელს მათი მხარდაჭერით ვგეგმავთ 200 ახალი ავტობუსის შესყიდვას,“ – განაცხადა ვიცე-მერმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ორდღიან სემინარს სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის სამინისტროების, კომუნალური კომპანიებისა და ქალაქის ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს მდგრადი მუნიციპალური სერვისების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკასა და დანერგილ სიახლეებს გაუზიარებენ. მათ შორის ისეთ მუნიციპალურ მომსახურებებზე, როგორებიცაა – წყალი და კანალიზაცია, მყარი ნარჩენები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სატრანსპორტო მოძრაობის მართვა და გარეგანათების სისტემები.