მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს.
პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- არსებული მართვის მოწმობა.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში – 35 ლარი.