LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ბენზინთან ერთად გაზიც გაძვირდება

93

მთავრობამ ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ საწვავის თვითღირებულება 20–დან 25 თეთრამდე მოიმატებს.

 „აქციზის ზრდა, პირდაპირ იმოქმედებს საწვავის ფასის ზრდაზე. იმ მოცემულობით, რაც დღეს არის ცნობილი ჩვენთვის, უხეში კალკულაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწვავის თვითღირებულება 20–25 თეთრამდე მოიმატებს. რამდენს მოუმატებენ კომპანიები, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

led-garage-and-canopy-fixtures-gal001-fuelpump-app-gallery

მისი თქმით, ამ გადაწყეტილების შედეგების წინასწარგანჭვრეტა რთულია.

„ერთის მხრივ, სახელმწიფო ცდილობს ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა გეგმებში და პროგრამებში იქნება გაწერილი. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ლარის გაჯანსაღებას. მედლის მეორე მხარეს კი გვაქვს ის, რომ ეს გამოიწვევს საწვავზე ფასის მატებას, რაც მომხმარებელს დააზარალებს“, – განაცხადა მთვრალაშვილმა „ფორტუნასთან“.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მოხმარებაზე ეს ცვლილება დიდ გავლენას არ მოახდენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ავტობუსების ფასზე არ აისახება.

მისი თქმით მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, იქ, სადაც მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები ფუნქციონირებს, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს.

თამთა უთურგაშვილი