2021 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 38.5 ათას კაცს, რომელთაგან 60.3% ქალი იყო. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა კი 7101.2 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან, უდიდესი ნაწილი (76.3%) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 11.2% მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 12.5% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების სტრუქტურა 2021 წელს:
“უწყების ინფორმაციით, 2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 705.6 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 39.2% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16% – ქონების დაზღვევაზე, 8.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.8% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 2% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.5%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 425.2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.5% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 8.7% – ქონების დაზღვევაზე, 7.1% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 3.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (24.2%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.