LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა 170.7 მილიონი ლარი შეადგინა – საქსტატი

116
1 ბაზარი

2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობითვე, სუბიექტების 31.5 პროცენტი თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.3 პროცენტი – იმერეთის, 12.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7 პროცენტი – კახეთის, 8.1 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 2 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

„ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.2 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 19.8 პროცენტი. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.5 პროცენტი), კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.1 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 67 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1 296 შემნახველი საკანი (საწყობი) 27.2 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი. 2022 წელს მოქმედი ბაზრობების 35.5 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 35 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 29.5 პროცენტი ნახევრად გადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.5 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, ორი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 152 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 22 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 52.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.6 ათას კაცს შეადგენს.

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.4 პროცენტი ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.1 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის.

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 13.1 მლნ. ლარი (7.7 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი (87.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მლნ ლარი (4.7 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ. ლარია,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები