Forbes Georgia გლობალური ბაზრის კვლევის კომპანიის Euromonitor International ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლითაც 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებებია გამოვლენილი.
„2023 წლის ტოპ-100 მიმართულების ინდექსი“ რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი, ესენია: ტურიზმი, მდგრადობა, ეკონომიკური მაჩვენებლები, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.
რეიტინგში 63 ქვეყნით ევროპაა წარმოდგენილი. Euromonitor-ი ევროპის დომინაციას რეგიონის „სწრაფ ურბანიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებას“ უკავშირებს – მოგზაურებს სჭირდებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, დაჯავშნისთვის მოქნილი შესაძლებლობები და ადგილები, სადაც მუშაობას დისტანციურად შეძლებენ.
კატეგორიების მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებმა საუკეთესოთა წოდება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვეს:
- მადრიდი – ბენზინისგან 100%-ით თავისუფალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
- ლონდონი – საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა.
- სინგაპური – ლიდერი ეკონომიკური და ბიზნესის შედეგებისა და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.
- მაკაო – ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
- ჰონგ კონგი – ჯანდაცვისა და სამედიცინო სერვისების ლიდერი.
რაც შეეხება, 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებების ტოპ-ათეულს, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ ქალაქად საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი დასახელდა, მას მოჰყვებიან დუბაი, მადრიდი, ტოკიო, ამსტერდამი, ბერლინი, რომი, ნიუ-იორკი, ბარსელონა და ლონდონი.