ქართული Forbes-ი, Wine Travel Awards-ზე დაყრდნობით, იმ ტურისტული მიმართულებების სიას აქვეყნებს, რომლებიც ღვინის მოყვარულ მოგზაურებს 2026 წელს განსაკუთრებით დააინტერესებთ.
Wine Travel Awards-ი უკვე მეხუთე წელია, რაც 16 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეებს, ტუროპერატორებს, გიდებსა და ადგილებს ავლენს. თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო ხუთეული საზოგადოების მხრიდან ხმის მიცემით ვლინდება, საბოლოო გამარჯვებულებს კი ჟიური არჩევს. გამარჯვებულების ვინაობა პირველ მაისს გახდება ცნობილი.
წელს კატეგორიაში „აუცილებლად სანახავი“, რომელიც ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ ცალკეულ ობიექტებს ან დანიშნულების ადგილებს აერთიანებს, ხმის მიცემის მიხედვით, მეღვინეობა „შუმი“ ლიდერობს. ის წინანდალში მდებარეობს. განლაგებული 12 ჰექტარზე, იქვე ფუნქციონირებს ქვეყანაში ღვინის პირველი მუზეუმი და მოიპოვება მსოფლიოში ვაზის ჯიშების უდიდესი კერძო ამპელოგრაფიული კოლექცია.

აღსანიშნავია, რომ Wine Travel Awards-ის ვებგვერდზე საქართველოს მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაზეა ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია UNESCO-მ 2013 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
მეორე ადგილზე Venissa Estate-ია, რომელიც იტალიაში, ვენეციის წყლებში, კუნძულ მაცორბოზე მდებარეობს. Venissa Estate-ს სტუმრებისთვის ხუთი ოთახი აქვს გამოყოფილი და მათ ადგილობრივი ყურძნის ჯიშის დორონას ღვინოების დეგუსტაციას სთავაზობს.

მესამე პოზიცია არგენტინაში მდებარე Bodega La Luz del Vino-ს უკავია, რომელიც Uco Valley-ის რეგიონში უძველესი ვენახებით გამოირჩევა. ანდების მთებით გარშემორტყმული ეს რეგიონი განსაკუთრებულ ტერუარს ქმნის, რაც ღვინოს უნიკალურ გემოვნურ თვისებებს სძენს.

მეოთხე ადგილზეა საფრანგეთის Champagne Joseph Perrier-ი, რომელიც განსაკუთრებით ცქრიალა ღვინის მოყვარულებს იზიდავს. ის 1825 წელს შეიქმნა და დღემდე ოჯახური ბიზნესია. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს მას დედოფალ ვიქტორიას სამეფო სერტიფიკატიც ჰქონდა მინიჭებული. აქ ვიზიტორებს გალო-რომაულ სარდაფებში ტურს სთავაზობენ, რომლებიც IV საუკუნით თარიღდება. ტური ღვინის დეგუსტაციასაც მოიცავს.

მეხუთე ადგილზეა ესპანეთის Bodega Tío Pepe, რომელიც ხერესში მდებარეობს და შერის ღვინის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. სტუმრებს შეუძლიათ Hotel Bodega Tío Pepe-ში დარჩნენ და ღვინის დეგუსტაციაში მიიღონ მონაწილეობა.

