2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავაა.
დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა.
ნათია უჩავა თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
„მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლის გარეშეც მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ბავშვებო, ვიცი, რომ ახლა ტელეეკრანებთან ხართ, რადგან ღონისძიების განმავლობაში მომდიოდა შეტყობინებები, მიყვარხართ, თქვენია ეს ჯილდო“- ასე მიმართა ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა საკუთარ მოსწავლეებს სცენიდან.
გამარჯვებული პედაგოგი ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარს მიიღებს საჩუქრად, კამპანიის გენერალური სპონსორის „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან, საუკეთესო ათეულის წევრებს კი „ლიბერთი“ დააჯილდოებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.ეს დაჯილდოება საქართველოში უკვე მერვედ იმართება, რომელიც მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
წელს პირველად დაწესდა პრემია „განსაკუთრებული წვლილისთვის“, რომელიც გადაეცა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს ნუკრი კარკაძეს, რომელიც მუსიკის მასწავლებელია.
ასევე გაიცა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ამ ნაწარმოების განსაკუთრებულად სწავლისთვის გადაეცა სამ პედაგოგს. პრემიაზე სულ 11 პედაგოგი იყო ნომინირებული.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები წელს ასევე იყვნენ:
დიმიტრი პოპოვი, სოფიო ქუხილავა, გიორგი ლიპარიშვილი, ნათია ნარსავიძე.
ფოტო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო