ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2025 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.86 ლარი იყო, რაც წლიურად 11.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში, ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპურის ინგრედიენტებს შორის ფასის ყველაზე მაღალი ზრდა ყველზე (+8.9%) დაფიქსირდა, მას მოსდევს საფუარი (+5.2%), კვერცხი (+3.0%) და რძე (+0.2%).
წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ რძე, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი წლიური ზრდა კვერცხის ფასზე დაფიქსირდა (+22.8%), შემდეგ მოდის ყველი (+13.3%), კარაქი (+13.1%), საფუარი (+6.1%) და ფქვილი (+6.0%).
ხაჭაპურის ინდექსის ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. 2016 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაორმაგდა და 3.61 ლარიდან 7.86 ლარს მიაღწია. 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელი დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ინდექსის განახლებულ აღმავალ ტრაექტორიას ადასტურებს.
