საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 252.28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით შემცირებული წლიური მაჩვენებელია.
ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 44.7%-ით შემცირებას უკავშირდება. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 30.32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სანაცვლოდ, ფულადი გზავნილები გაზრდილია აშშ-იდან (47.33 მლნ აშშ დოლარი) და იტალიიდან (44.38 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული ქვეყნებიდან თანხებს, ძირითადად, საქართველოდან ემიგრირებული პირები გზავნიან.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 28.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.