LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 მილიონიანი პროექტი თბილისის ძველი უბნების განახლებისთვის – რა იგეგმება დედაქალაქში

190

აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დღეიდან წლის ბოლომდე შეზღუდულია. მიზეზი გამზირისა და ზაარბრიუკენის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებაა, რომელსაც პროექტი, ”ახალი ტფილისი” ითვალისწინებს.

როგორც რადიო ”ფორტუნასთან” თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განაცხადა, მასშტაბური სარესტავრაციო-საკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, მანამდე მუნიციპალური ტრანსპორტი უზნაძის ქუჩით იმოძრავებს შეუფერხებლად.

მოძრაობა ფოსტის ძველი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე გადაიკეტა, ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად დასაშვებია ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე.

”ახალი ტფილისის” სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში სრულიად განახლდება ინფრასტრუქტურა მშრალ ხიდზე არსებული ე.წ. ძველმანების ბაზრობის მიმდებარედ. პროექტის ფარგლებში ტურისტული ზონის გასაუმჯობესებლად მოეწყობა სავაჭრო დახლები და ტერასები, ”დედა ენისა” და ”9 მარტის” ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც განთავსდება ტუალეტები, რაც დღეისათვის იქ არსებულ ჰიგიენურად არასახარბიელო ვითარებას შეცვლის. განახლდება მთლიანი ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაცო ქსელები, რესტავრაცია ჩაუტარდება ამ ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე ათეულ ისტორიულ ძეგლს. ამასთან, არ არის გამორიცხული, პროექტის დასასრულს, აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის ტერიტორიამდე სივრცე საფეხმავლო არეალად იქცეს, სადაც ღია კაფეები და ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის გასართობი ინფრასტრუქურა მოეწყობა.

როგორც გიორგი ბაიდარაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უკვე ჩატარდა კვლევა, ტერიტორია საკმაოდ სერიოზულადაა შესწავლილი, როგორც სატრანსპორტო გადაადგილების, ასევე სხვა ფაქტორების მიხედვით.

რეაბილიტაციის პროცესში დავაკვირდებით სქემატურად, რამდენად მოხერხდება ტრანსპორტის უმტკივნეულოდ გადაწყობა, სხვა მხრივ ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ეს ზონა გახდეს ტურისტულად უფრო მიმზიდველი და იქცეს მხოლოდ საფეხმავლო არეალად,“ – განაცხადა ბაიდარაშვილმა.

ამასთან, პროექტ ”ახალი ტფილისის” ფარგლებში უკვე დაწყებულია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 45-მდე ძველი, ისტორიული შენობა-ნაგებობის სრულფასოვანი რესტავრაციის პროცესი.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის ინფორმაციითვე, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g