LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 იანვარს თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

81
Screenshot 2022-01-22 at 23.40.53

23 იანვარს, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინის საელჩოს ღია წერილით მიმართავენ და საელჩოს თანამშრომლებს აქციაზე იწვევენ.

„მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი. ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.

მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.

ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია.

გვსურს მოგიწვიოთ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის საელჩოსთან, კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები. თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიოს მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g