LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ივლისიდან რუსთაველის რეაბილიტაცია იწყება – გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

124
რუსთაველის გამზირი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მიზეზი გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყებაა.

მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა პროექტის დაწყება რამდენჯერმე ჩაშლილი ტენდერების გამო გაიწელა.

„სამუშაოები 23 ივლისს, ღამის 12 საათიდან დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება,“ – განაცხადა მერმა.

კახა კალაძის თქმით, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს და პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

კალაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება, რის შემდეგაც საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

„პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციების განახლება შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.

ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა: განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამუშაოები, რომლებსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.“

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს “სმარტ სოლუშენსი” გამოავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები