“აჭარისწყალი ჯორჯია” მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რონი სოლბერგის განცხადებით, წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი პროექტის დაფინანსების კუთხით გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
“ეს იქნება განსხვავებული მიმართულება – კორომხეთის პროექტი, სადაც, სავარაუდოდ, საინვესტიციო თვალსაზრისით დადებითი შედეგი იქნება მიღებული, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველმხრივი დახმარება უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა რონი სოლბერგმა.
მისივე თქმით, შუახევიჰესის პროექტთან შედარებით, მეორე- მცირე მოცულობის პროექტი იქნება. 115- მეგავატიანი ჰესის საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონი დოლარი იქნება. პროექტთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა კი წლის ბოლოს დასრულდება.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შეიქმნა ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. კომპანია უკვე აშენებს აჭარაში “შუახევჰესს”, რომლის საინვესტიციო მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე.