ჩვილებში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების გამოწვევის გამო, 3 ტიპის საბავშვო ფორმულა მწარმოებელმა კომპანიამ გაყიდვებიდან უკან გაიწვია. ინფორმაციას უცხოური მედია აქტიურად ავრცელებს, მათ შორის: Nytimes.com, რომელიც წერს, რომ კომპანია Abbott Nutrition-მა გასაყიდად გატანილი პოპულარული საკვები ფორმულები Similac, Alimentum და EleCare უკან გაიწვია, რადგან პროდუქტის მიღების შემდეგ, ოთხი ჩვილი ბაქტერიული ინფექციის განვითარების გამო საავადმყოფოში მოხვდა.
Nytimes -ის ცნობითვე, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ოთხი მომხმარებლის საჩივარი განიხილა. სამი საჩივარი ჩვილებში კრონობაქტერ საკაზაკის შემთხვევების გამოვლენას შეეხებოდა. აღნიშნული ბაქტერია ტვინისა და ხერხემლის დამცველ მემბრანებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ ანთებით პროცესებსა და ინფექციებს იწვევს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ხუთშაბათს მშობლების ინფორმირებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ტეხასის, ოჰაიოსა და მინესოტას შტატებში, ოთხი ჩვილის ბაქტერიული ინფექციით დაავადების შესახებ იყო საუბარი.
როგორც Nytimes იუწყება, კომპანია Abbott Nutrition-მა მომხდარის გამო, უკან გაიწვია Similac-ის, Alimentum-ისა და EleCare-ის პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც ვადა 2022 წლის პირველ აპრილს, ან უფრო გვიან ეწურება. გაწვეულ პროდუქტებს შორის არის ისეთი ფორმულები, რომლებსაც კონტეინერის ბოლოში აქვს მრავალი რიცხვის შემცველი წარწერა. ბაზრიდან ამოღებული ფორმულების წარწერები 22-დან 37-ის ჩათვლით რიცხვებით იწყება და შეიცავს K8-ს, SH-ს ან Z2 წარწერებს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მშობლებს ურჩევს, რომ აღნიშნული საბავშვო ფორმულის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდნენ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისას, ექიმს მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ფორმულებში კრონობაქტერისა და სხვა პათოგენების შემცველობას იკვლევს თავად მწარმოებელი კომპანიაც. „ჩვენ ვაფასებთ მშობლების ნდობას ჩვენი საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს ნდობა და მოვაგვაროთ ეს სიტუაცია“, – თქვა ვიკი ასარდომ, Abbott Nutrition-ის გლობალური კომუნიკაციების უფროსმა დირექტორმა.
ცნობისთვის, Abbott Nutrition ბავშვთა კვების ცნობილი კომპანიაა, რომლის საკვებ პროდუქტებს ჩვილების კვებაში მშობლები აქტიურად იყენებენ. მაგალითად, „სიმილაკის“ საბავშვო ფორმულები ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.