წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ირლანდია 10.5 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წელს 48.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.