LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 წლის ქართველი ლექტორი ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ამზადებს

187
d

კიდევ ერთი მცირე მეწარმე, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით ბიზნესის გაფართოება შეძლო – სოსო ბაინდურაშვილია.

34 წლის, პროფესიით იურისტი და ამჟამად, ლექტორი – ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს ამზადებს. პირველად სათამაშო მანქანა შვილებისთვის გააკეთა, მერე მეგობრის შვილებისთვის, ბოლოს კი წარმოება დაიწყო.

სოსომ საკუთარი იდეის ბიზნესად გადაქცევა მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძლო. საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, საჭირო დანადგარები შეიძინა, წარმოება გაზარდა და გორში სათამაშოების მაღაზია გახსნა.

„თავდაპირველად, სათამაშოების დამზადება ჩემი შვილებისთვის დავიწყე, მინდოდა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით ეთამაშათ და შეხება არ ჰქონოდათ ტყვიით გამდიდრებულ სათამაშოებთან.  მერე გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობებისთვის ფართო არეალი მიმეცა. ძირითადად, ვამზადებ ისეთი სახის სათამაშოებს, რომლებიც უშუალოდ ხელით მზადდება და არა, სხვადასხვა აპარატის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, თითოეული ნივთი არის უნიკალური და ერთნაირი შეიძლება საერთოდ არ დავამზადო. სამუშაო მასალას რაც შეეხება, ვმუშაობ  წიწვოვანი ხით და წიფლის მასალით. ხშირ შემთხვევაში, ვცილობ, რომ სათამაშო საერთოდ არ შევღებო და ბუნებრივ ხესთან ჰქონდეს ბავშვს შეხება“, – ამბობს სოსო ბაინდურაშვილი.

მისივე თქმით, გორში არსებული მისი კუთვნილი სათამაშოების მაღაზია წარმატებით მუშაობს. სწორედ ამიტომ, მცირე მეწარმის სამომავლო გეგმებში შედის, დედაქალაქში გამოჩენა და საკუთარი ნაწარმის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეტანა.

„საბოლოო მიზანი კი არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და ქართული წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ექპორტზე გატანა“, – ამბობს 34 წლის იურისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები