4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. მათი განცხადებით, 4 ოქტომბერს აქციაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იდგნენ და დანაშაული არ ჩაუდენიათ.
საქმის ამ ეპიზოდზე სულ 12 პირი იყო დაკავებული. მათგან რვამ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
