LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წლის გოგო და 15 დღის ბიჭი დამრჩა“ – გორში, საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

862
გორმედი

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა „გორმედში“ მოხდა. გარდაცვლილი 30 წლის მაგდა ბალიაშვილია.

მომხდარის შესახებ გარდაცვლილის დედა „მთავარ არხთან“ საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის კლინიკაში არაფერი უთქვამთ და რა მოხდა, თავადაც ვერ გაიგეს:

„ექთანი ჩამოვიდა და გვითხრა, მეუღლე და დედა წამობრძანდით, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იყო, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 18:00 საათი რომ გახდა, ექიმი მოვიდა, შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და სახლში წავიდა. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდა, რაღას უყურებთო. მე გამიყვანეს, ამას ნუ ასმენინებთ, მშობელიაო. რომ დავინახე, ჩემი შვილი უკვე გაჰყავდათ.

არაფერი არ უთქვამთ, თვითონაც ვერ გაიგეს. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ, ვენას ვეღარ პოულობდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

„კლინიკამ თავიდან გვითხრა თრომბი არისო, შემდეგ არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენა არისო, კუჭის წყლული ხომ არ ჰქონდაო. ვუთხარი, კუჭი არ სტკიებია-მეთქი. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, რომ აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო.

4 წლის გოგო დამრჩა და 15 დღის ბიჭი მყავს“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს „გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური:

„გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი „გორმედის“ სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.) ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

„გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g