თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან 5 გაჩიანს უკავშირდება, 4 შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება. მისივე თქმით, კლინიკას 3 ახალი პაციენტი დაემატა და ამ დროისათვის ინფიცირებული პაციენტების რიცხვი ინფექციურ საავადმყოფოში 41-ს შეადგენს. ეზუგბაია აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„გუშინ იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაემატა 10 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 1155. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 და აღნიშნული რიცხვი 929-ს შეადგენს. ათი პაციენტიდან ხუთი შემთხვევის წყარო გაჩიანია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.
დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მათ შორის მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადად, საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 გამოჯანმრთელდა
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 248 პაციენტი მკურნალობს.