LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,5G ინტერნეტი კორონავირუსს ავრცელებს?” – მითები და ფაქტები ახალი კორონავირუსის შესახებ

2294
94713344-602192160383608-6239884476546023424-n

ახალ კორონავირუსთან ერთად ელვის სისწრაფით გავრცელდა მითები მის  შესახებ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც სავარაუდოდ თქვენც გსმენიათ. სად გადის ზღვარი მითებსა და რეალობას შორის?  იცავს თუ არა მზის აბაზანები და ალკოჰოლი ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და  რა შუაშია 5G ინტერნეტი? კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებს ფაქტებით პასუხობს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც  Covid-19-თან დაკავშირებულ მითებს და ფაქტებს სპეციალური განყოფილება აქვს დათმობილი.

მითი:  5G ინტერნეტი კორონავირუსს ავრცელებს

ფაქტი:  5G ინტერნეტი კორონავირუსის ან ნებისმიერი ვირუსის გავრცელებასთან არაფერ შუაშია.

ვირუსებს არ შეუძლიათ რადიოტალღების ან მობილური კავშირის საშუალებით გადაადგილება. უამრავ ქვეყანაში, სადაც 5G ინტერნეტი არ არის, კორონავირუსის არაერთი შემთხვევაა დადასტურებული.

Covid-19-ის გარემოში გაფრქვევა ხდება წვეთების სახით მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი საუბრობს, ახველებს ან აცემინებს. დაინფიცირება ასევე შესაძლებელია ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან კოტაქტის შემდეგ  ხელის თვალებთან, ცხვირთან ან პირთან კონტაქტით.

მითი:  მზიან და თბილ ამინდში კორონავირუსი არ გადაგვედება

ფაქტი:  მზიანი ამინდი ან მზის აბაზანები  კორონავირუსით ინფიცირებას ხელს ვერ უშლის.  კორონავირუსის შემთხვევები იმ ქვეყნებშიც ფიქსირდება, სადაც როგორც წესი, თბილი ამინდია. მზეზე ხანგრძლივად ყოფნა კი ჯანმრთელობისათვის საზიანოა.  დაავადების პრევენციისათვის  დაიცავით ჰიგიენის ნორმები და ზოგადი რეკომენდაციები.

 

მითი: კორონავირუსი ქრონიკული დაავადებაა

ფაქტი: კორონავირუსი ქრონიკული დაავადება არ არის.

თქვენ შეგიძლიათ მისგან გამოჯანმრთელდეთ.  თუ კორონავირუსით დაინფიცირდით, თვალი ადევნეთ თქვენს სიმპტომებს და თუკი მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ, მიმართეთ ექიმს. პირველ რიგში, მედიკოსებს ტელეფონით დაუკავშირდით.

მითი: თუ სუნთქვის შეკავება 10 წამით შეგიძლიათ, ესე იგი კორონავირუსი არ გაქვთ.

ფაქტი:  თუ სუნთქვის 10 წამით შეკავება შეგიძლიათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ ახალი კორონავირუსი ან ფილტვების რომელიმე დაავადება.  სასუნთქი სავარჯიშოები ნამდვილად არ არის ეფექტური გზა იმის გასაგებად, ხართ თუ არა ინფიცირებული. საუკეთესო გზა ამის გასაგებად ლაბორატორიული ტესტია. სუნთქვის გართულება კორონავირუსის ერტ-ერთი სიმპტომია, მაგრამ იგი მხოლოდ ზოგიერთ გართულებულ შემთხვევაში ფიქსირდება. უფრო გავრცელებული სიმპტომებია მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა და დაღლილობის შეგრძნება. ზოგიერთ პაციენტს დაავადება პნევმონიით ურთულდება.

მითი: ალკოჰოლი კორონავირუსით ინფიცირებისაგან იცავს.

ფაქტი: ალკოჰოლს არ შეუძლია კორონავირუსით ინფიცირების პრევენცია. მისი დიდი დოზით მოხმარება კი ჯანმრთელობისათვის საზიანოა.  ალკოჰოლს შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. მისი საშუალებით  მხოლოდ ხელების და ზედაპირების დეზინფექციაა ეფექტური კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

მითი: ცხელ და ტენიან კლიმატში კორონავირუსი ვერ ვრცელდება.

ფაქტი: ახალი კორონავირუსი გავრცელებულია ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა შეინიშნება. ამიტომაც ნებისმიერ ამინდში საჭიროა რეკომენდაციების შესრულება და ჰიგიენის ზომების დაცვა.  საუკეთესო გზა ვირუსის პრევენციისათვის ხელების ხშირად დაბანაა. მოერიდეთ ხელების შეხებას სახეზე,  განსაკუთრებით თვალის,  ცხვირის და პირის მიდამოში.

მითი: კორონავირუსს სიცივე კლავს

ფაქტი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გვიჩვენებს, რომ კორონავირუსი სიცივეს ვერ უძლებს. ვირუსით ინფიცირება ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი, ამიტომ  პრევენციის მთავარი გზა ისევ და ისევ ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვაა. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის მაღალი  შემცველობის მქონე  სადეზინფექციო  ხსნარით.

მითი:  ცხელი აბაზანების მიღება და ცხელი წყლის დალევა კორონავირუსისაგან გვიცავს.

ფაქტი: არც ერთი ჩამოთვლილი მოქმედება არ ამცირებს ინფიცირების რისკებს.  მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცხელ აბაზანას ვიღებთ, ადამიანის სხეულის ტემპერატურა უცვლელი რჩება. ძალიან ცხელი აბაზანა კი ჯანმრთელობისათვის საზიანო შეიძლება გამოდგეს. როგორც ცხელი აბაზანის მიღებამ, ასევე ძალიან ცხელი წყლის დალევამ შესაძლოა დამწვრობები გამოიწვიოს, კორონავირუსით ინფიცირებას კი ისინი ხელს ვერ შეუშლის.

მითი: კოღოებს კორონავირუსის გადატანა შეუძლიათ.

ფაქტი:  არ არსებობს არანაირი მონაცემები  და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოღოს ნაკბენს ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება შეუძლია.  Covid-19 რესპირატორული ვირუსია, რომელიც ორგანიზმში ძირითადად სასუნთქი გზებით ხვდება, გარემოში კი წვეთების სახით გამოიყოფა მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს.

დასკვნა:  „ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანზიაციის“ მთავარი რეკომენდაცია ახალი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ხელების ხშირად დაბანაა. დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ხსნარით. მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტები სხვა ადამიანებთან. ენდეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ და მტკიცებულებებით დადასტურებულ ინფორმაციას. ნუ დაიჯერებთ და გაავრცელებთ მითებს და #დარჩითსახლში .

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g