ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ „მშობლები განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში 6 წლამდე ბავშვების აქტივობებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, ალბათ, მნიშვნელოვანია ჩვენ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სწავლა და დასწავლა. სწავლა ისეთი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვდევს თან. ეს სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულიად გაუცნობიერებლადაც შეიძლება განხორციელდეს. რაც შეეხება დასწავლას, ეს არის ნებისყოფით გაშუალებული, მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა, ძალიან სერიოზული ყურადღების კონცენტრაცია.
ახლა შევხედოთ ბავშვის განვითარებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვის თავისებურება რადიკალურად განსხვავდება უკვე 6 წლის შემდგომი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისგან იმით, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში. 6 წლამდე ბავშვს მეცადინეობა არ სჭიდრდება, მას სჭირდება თამაში. თამაშს ჩვენი საზოგადოება არასერიოზულად უყურებს, განსაკუთრებით მშობლები. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი თავისთვის რაღაცებს შვრება, დროს ატარებს. ეს არ არის დროის გატარება, ეს არ არის დროის ფუჭად კარგვა. ბავშვისთვის თამაში არის ცხოვრების შესწავლა, უნარების განვითარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. ეს არის თამაში, განსაკუთრებით შემეცნებითი თამაშები და როლური თამაშები. პირველი, რასაც ჩვენ მშობლებს ვეკითხებით, ეს არის როლურ და წარმოსახვით თამაშებს თუ თამაშობს ბავშვი. სწორედ ამ წარმოსახვითი თამაშებით ემზადება ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის,“ – ამბობს გაგოშიძე.
